გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწვრთნელები დავით ბახტაძე და დიმიტრი აბაზაძე A ლიცენზიის კურსებს უკრაინაში, “ობოლონის” ბაზაზე გადიან. გერმანულ კლუბ “კოლერბახის” მოთამაშე-მწვრთნელ დავით ბახტაძეს დავუკავშირდით და ამ თემაზე მცირე კომენტარი ჩამოვართვით.
“სწავლების პირველი კვირა უკვე გვქონდა. ეს იყო 20-25 აპრილი. სწავლების მომდევნო კვირა 15-20 ივნისს მოიცავს. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მოგვიწევს უკრაინაში გამგზავრება. თუ ყველაფერი დადებითად გადაწყდება, მიმდინარე წლის ნოემბერის თვეში A ლიცენზიას ავიღებთ. სწავლება (თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა) კიევში, “ობოლონის” ბაზაზე რუსულ ენაზე მიმდინარეობს. კურსები საკმაოდ მკაცრად, სერიოზული პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ტარდება, რადგან უეფას ორგანიზებით მიმდინარეობს”, - აღნიშნა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დავით ბახტაძემ.
36 წლის დავით ბახტაძეს მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი გერმანულ კლუბებში “პუტლინგენსა” და “კოლერბახში” აქვს გატარებული. ამჟამად სწორედ “კოლერბახის” მოთამაშე-მწვრთნელია. ეს გუნდი კარლსბერგ-ლიგა ზაარლანდში გამოდის.
რაც შეეხება 42 წლის დიმიტრი აბაზაძე, იგი “ბილესმენგენ-ბოლხენის” მოთამაშე-მწვრთნელია. ეს გუნდი ვერბანდსლიგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონატში მონაწილეობს.
აბაზაძე 90-იან წლებში რამდენიმე ქართულ კლუბში თამაშობდა. ზესტაფონის “მეტალურგის,” “ვიტ ჯორჯიას,” “ზოოვეტის,” “მერანი 91-სა” და “მორკინალის” ფეხბურთელი იყო. მან 2001 წელს საქართველო დატოვა. 2002-2010 წლებში გერმანულ კლუბ “კოლხერბახში” თამაშობდა, სადაც მისი თანაგუნდელი დავით ბახტაძე იყო.