საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა თბილისის “ლოკომოტივისა” და ხარაგაულის “ჩხერიმელას” საჩივარი დააკმაყოფილა. როგორც სფფ-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, “ლოკომოტივმა” თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ აღმასკომის მიერ 11 მაისს მიღებული დადგენილების 1.3 მუხლის საფუძველზე უსამართლოდ დაისაჯა. კერძოდ “ჩხერიმელასა” და სტუს გათამაშებიდან მოხსნამ ზიანი მიაყენა “ლოკომოტივის” ინტერესს და პირდაპირი გავლენა მოახდინა კლუბის სპორტულ შედეგებზე.
შეგახსენებთ “ჩხერიმელამ” პირველი ლიგის ა ზონის 34-ე ტურში 2:0 დაამარცხა “ლაზიკა,” “ლოკომოტივმა” კი 6:0 გაანადგურა სტუ. შესაბამისად “ლოკომოტივი” 62 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე გადავიდა, “ლაზიკა” კი 60 ქულით მესამე იყო. 11 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით “ჩხერიმელას” 0:3 წაგება ჩაეთვალა. ამის მიხედვით კი “ლაზიკა” მეორე ადგილზე აღმოჩნდა. კლუბების საჩივრის შემდეგ ეს გადაწყვეტილება საფეხბურთო დავების სპორტულმა ტრიბუნალმა გააუქმა. ასე რომ, კვლავ “ლოკომოტივი” იკავებს მეორე ადგილს.
ხარაგაულის “ჩხერიმელას” საჩივრის მიხედვით კლუბი უკანონოდ მოხსნეს გათამაშებიდან. საფეხბურთო დავების განმხილველმა სპორტულმა ტრიბუნალმა კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის 2015 წლის 11 მაისის დადგენილების 1.3 მუხლის მოქმედება შეჩერდა.
საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე “ჩხერიმელა” და “სტუ-ნორჩი დინამო” აღდგენილი არიან პირველი ლიგის გათამაშებაში, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ შეჯიბრებაში,
სფფ-ს საშეჯიბრო კომიტეტს დაევალა ყველა იმ მატჩის ჩატარების ორგანიზება, რომელიც გამოტოვეს “ჩხერიმელამ” და სტუმ.
პირველი ლიგაში აღდგა ის შედეგები, რომელიც 11 მაისს აღმასკომის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე არსებობდა.