ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების შემდეგ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკური მონაცემები დაგროვდა. ზუსტად 17 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იტალიურ-ესპანური იქნება. ბოლოს ასეთი რამ 1997-1998 წლების სეზონში მომხდარა. მაშინ იტალიას ამჟამინდელივით “იუვენტუსი” წარმოადგენდა, ხოლო ესპანეთს “რეალი”.
“იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ესპანური გუნდების წინააღმდეგ არასდროს მოუგია. თავის მხრივ, “ბარსელონამ” თავისი პირველი ტრიუმფი იტალიური გუნდის, “სამპდორიას” წინააღმდეგ მოიპოვა.
კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე გათამაშებაში “იუვენტუსთან” მატჩში მეათე გოლი გაიტანა. პორტუგალიელი ზედიზედ მეოთხე სეზონია ორნიშნა რიცხვით ასრულებს ჩემპიონთა ლიგას. რაც აბსოლუტური რეკორდია. მასთან ყველაზე ახლოს რუუდ ვან ნისტელროი და ლიონელ მესი არიან (ორ-ორი შედეგით).
ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი ოთხჯერ გამხდარა, რაც საუკეთესო შედეგია. იგივე პატივი კრიშტიანუ რონალდუს და რუუდ ვან ნისტელროის სამგზის ღირსებიათ. თავის მხრივ, მას შემდეგ, რაც 2007 წელს ყველაზე მეტჯერ კაკამ გაიტანა, საუკეთესო გოლეადორობას რონალდუ და მესი ინაწილებენ. ახლა ამ ტრადიციის დარღვევის შანსი ნეიმარს გააჩნია.
თუ ლიონელ მესი “იუვენტუსთან” ფინალში გოლს გაიტანს, გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ლიგის სამ ფინალში ექნება გოლი გატანილი. აქამდე საუკეთესო შედეგი ორი ფინალია. მესის 2009 და 2011 წლებში გაუტანია, რაულს 2000 და 2002, სამუელ ეტო’ოს 2006 და 2009, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს 2008 და 2014 წლებში.
ჩავიმ და იკერ კასიალიასმა ნახევარფინალების საპასუხო მატჩებში ჩემპიონთა ლიგაზე 150-ე მატჩები გამართეს. ეს კი საუკეთესო შედეგია.
“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაღწევა მას შემდეგ რაც პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე მოიგო, მეხუთე შემთხვევიდან მეხუთედ შეძლო.
თუ “იუვენტუსი” ფინალს წააგებს, გახდება პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ოთხი ფინალი ექნება წაგებული. აქამდე სამ-სამი მარცხით ტურინელებთან ერთად თავს “ბაიერნი” და “მილანი” “იწონებენ”.
“იუვენტუსსაც” და “ბარსელონასაც” სეზონში ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი გააჩნიათ. აქამდე ე.წ. “ტრიპლეტი” იმავე “ბარსელონას” (2008-2009), “მანჩესტერ იუნაიტედს” (1998-1999), “ინტერს” (2009-2010) და “ბაიერნს” (2012-2013) შეუსრულებიათ.
თუ პატრის ევრა “ბარსელონასთან” მატჩში მოედანზე გავა, ფინალში მეხუთედ ითამაშებს და ამ მაჩვენებლით კლარენს ზეედორფს გაუთანაბრდება. უკეთესი შედეგი მხოლოდ პაოლო მალდინის გააჩნია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში ექვსჯერ უთამაშია.
ევრას ამავდროულად აქვს შანსი გახდეს მეცამეტე ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ორ სხვადასხვა გუნდში აქვს მოგებული.
თუ “იუვენტუსი” ფინალს მოიგებს, ალვარო მორატა გახდება მეხუთე ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორი სეზონი, ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ექნება მოგებული.