ფეხბურთი

1:51 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ცხინვალმა” მეოთხე ადგილი გაინაღდა

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ,,ჩელე არენაზე” გამართულ შეხვედრას ცხინვალელთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ისინი საპრიზო სამეულისთვის ბრძოლას აგრძელებდნენ. რაც შეეხება ,,შუქურას”, მისთვის სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია, მაგრამ აჭარლები სამართლიანი თამაშის წესებს იცავენ და ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვიან. შეხვედრის დაწყების წინ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას.

თამაში გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა სტუმრებს მატჩის დებიუტშივე მიეცათ. საჯარიმოს ხაზის სიახლოვიდან ლექვთაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ცოტათი გადასცდა ხარიხას.

ზღვისპირელთა საპასუხო შეტევაც საკმაოდ სახიფათო გამოდგა. კუხიანიძის გამჭოლ გადაცემას მეკარის ბაქანზე არეულობა მოჰყვა და მცველებმა რის ვაი-ვაგლახით შეძლეს ბურთის კუთხურზე მოგერიება.

ტაიმის მესამედის მიწურულს ისევ სტუმრებმა შეუტიეს. ცხინვალელთა მრავალსვლიანი კომბინაცია მახარობლიძემ ძლიერი გასროლით დაასრულა. ბურთი ერთ-ერთ მცველს შეეხო და კარის ბადეს ზევიდან დაეცა. მალე ცაცკრიალაშვილი ურტყამდა ძლიერად საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ კაკალაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

ტაიმის შუაწელიდან ზღვისპირელები გააქტიურდნენ და პირველი ნახევრის დარჩენილი დრო მათი უპირატესობით წარიმართა. 23-ე წუთზე მოედნის კიდესთან დანიშნული საჯარიმო ჩელებაძემ მახვილგონივრულად შეასრულა. მისი ჩახვეული დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარის ბაქანზე დაეცა და გურულს სულ ცოტა დააკლდა მიზნის მისაღწევად. თითქმის მაშინვე აჭარელთა კაპიტანი თვითონ ურტყამდა საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ამჯერად ნადირაძემ იყოჩაღა და ბურთი მუშტებით მოიგერია.

ნახევარი საათის მიწურულს თუხარელი მოედნის ცენტრიდან წინ დაიძრა და საკმაოდ შორიდან ტყვიასავით გაისროლა. ცხინვალელთა კიპერმა სწრაფი რეაქცია გამოავლინა და თავისიანები აშკარა ხიფათისგან იხსნა.

33-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ჩალაძემ ჩელებაძესთან ,,კედელი” გაითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან შორეული ძელისკენ გამიზნულად დაარტყა. ბურთი ოდნავ ასცდა კარის ჩარჩოს. ორ წუთში მოვლენების ეპიცენტრში ისევ ეს ორი მოთამაშე აღმოჩნდა. მათი კომბინაციის ბოლოს კუხიანიძე ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, მაგრამ ბურთს მცველები ჩაუწვნენ და კუთხურზე მოიგერიეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ თუხარელს ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, თუმცა ნადირაძე ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და სიტუაცია განმუხტა.

ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი მასპინძლებს 39-ე წუთზე ჰქონდათ. ჩელებაძის შესრულებულ გამჭოლ საჯარიმოზე მეტრეველმა მეტოქის მცველებს დაასწრო და თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, თუმცა ხარიხას ზევიდან გადააცილა.

ტაიმის ბოლოს მეტრეველს მაინც შეეძლო თავისი გუნდი შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გაეყვანა. თუხარელის გადაცემის შემდეგ იგი მეკარის ბაქნიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი კარის ძელს გარე მხრიდან მოხვდა და მოედნის ფარგლები დატოვა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ასევე დაძაბულად წარიმართა. სათამაშო უპირატესობას ისევ აჭარლები ფლობდნენ. 58-ე წუთზე თუხარელის ჩაწოდებულს მეტრეველი ურტყამდა თავით საპენალტე ნიშნულიდან. ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. 10 წუთში ზღვისპირელთა ფორვარდს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მისი თავური დარტყმა ამჯერადაც უზუსტო გამოდგა.

ამის შემდეგ ივანიშვილს ზედიზედ ორჯერ მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. პირველად იგი სამიზნემ დააღალატა, ხოლო მეორე შემთხვევაში ხოჭოლავამ იმარჯვა და ბურთის კარიდან გამოტანა მოახერხა.

და მაინც მატჩის უკანასკნელ წუთზე მასპინძლებს შეეძლოთ გამარჯვება მოეპოვებინათ. თუხარელის გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესული კოპალიანი საჯარიმოს წინა ხაზთან აღმოჩნდა და უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარის ხარიხა შეაზანზარა.

მალე არბიტრ ნონიკაშვილის საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც ნულოვანი ფრე დააფიქსირა. მოპოვებული ქულით ,,ცხინვალმა” მეოთხე ადგილი გაინაღდა, რომელმაც შესაძლოა ევროასპარეზის საგზური მოუტანოს.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

გელა სანაია (,,შუქურა”) - ,,გამარჯვების მოპოვება ძალიან გვინდოდა. დიდი სათამაშო უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ”.

კახა კაჭარავა (,,ცხინვალი”) - ,,ასეთ საფარზე თამაში ძალიან რთულია. მართალია მასპინძლებს უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ვთვლი რომ ფრე სამართლიანი შედეგია”.

,,შუქურა” (ქობულეთი) -,,ცხინვალი” (ცხინვალი) 0:0
13 მაისი
. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.

,,შუქურა ”: თ.კაკალაძე, ჩალაძე, გ. გურული, ხოჭოლავა, მალანია, ტვილდიანი, თუხარელი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ჩელებაძე (კ), მეტრეველი (კოპალიანი 81).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

,,ცხინვალი”: ნადირაძე (კ), ცაცკრიალაშვილი (შინდაგორიძე 46), მახარობლიძე, იმედაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ბაჩიაშვილი, გ. ივანიშვილი (არაბული 81), ცერცვაძე, თარხნიშვილი, ლექვთაძე (ბურძენაძე 67), ნ. კაჭარავა.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: ლექვთაძე (38), მახარობლიძე (64), ნ. კაჭარავა (75) ;

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

0.132681