ფეხბურთი

21:19 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” იუბილე “ზუგდიდთან” მოგებით აღნიშნა (+VIDEO)

საქართველოს უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის მატჩში თბილისის “დინამომ” შინ დიდი ანგარიშით, მშვიდად და აუღელვებლად დაამარცხა “ზუგდიდი.”

რამდენიმე ტურის წინ შეროზიას გუნდმა ბათუმის “დინამოს” მოუგო, თუმცა ეს მოხდა ზუგდიდში. გუნდი შედეგიან ფეხბურთს უმეტესად საკუთარ კედლებში თამაშობს. თბილისური მატჩიც ამის მაგალითია.

პირველი გოლი კაკაბაძის აქტიურობას მოყვა, მარჯვენა ფლანგიდან ბურთმა “ზუგდიდის” საჯარიმოსკენ გადაინაცვლა, სადაც ჭანტურიშვილმა იაქტიურა და მეკარისაგან მარცხენა კუთხეში ძლიერად დაარტყა, ანგარიში გაიხსნა. ეს მოხდა მე-15 წუთზე.

შემდეგ გოლამდე დიდი დრო არ გასულა. ორ წუთში პაპუნაშვილის დარტყმული ივარდავას კარის ბადეში გაეხვა. სწრაფმა გოლებმა თამაშის სურათი “დინამოს” სასარგებლოდ მოაქცია, უპირატესობას გოგიჩაიშვილის მოთამაშეები ფლობდნენ, თუმცა შიგადაშიგ “ზუგდიდი” ცდილობდა ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანას და თამაშის გამწვავებას.

ყველაზე ხელსაყრელი მომენტი ლევან კუტალიას შეექმნა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, მაგრამ საკმაოდ მახვილი კუთხიდან ურტყამდა და სიზუსტე დააკლდა.

ტაიმის ბოლოს გიორგი ჩირგაძემ ნავსი გატეხა და გაიტანა. მესამე გოლამდე ჩირგაძეს შეექმნა გოლის გატანის რამდენიმე შანსი, თუმცა არ უმართლებდა. ტაიმის ბოლოს კი “დინამოს” შეტევისას თანაგუნდელის პასი გამოიყენა და მეკარის საჯარიმოში მყოფმა თითქმის ცარიელ კარში გაიტანა.

“დინამოს” თამაში კვლავ მოთამაშეთა ინდივიდუალურ მოქმედებებზე აეწყო. თბილისელთა თამაშში კომბინაციური ფეხბურთის პატარა ნაპერწკალიც არ ჩანდა.

მასპინძელთა სამწუხაროდ მოედანი ტრავმის გამო რენე ფერეირამ და საბა ლობჟანიძემ დატოვეს. დღევანდელ მატჩში “დინამოს” ცენტრალურ მცველებად რენე ფერეირამ და გიორგი გველესიანმა ითამაშეს, ბრაზილიელის ტრავმის შემდეგ მოედანზე ბუკორაცი გამოვიდა. სერბმა არა საყრდენის, არამედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.

ზუგდიდელებს გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი მეორე ტაიმში შეექმნათ, როდესაც მსაჯმა სტუმართა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. წესები ლაშა შერგელაშვილმა დაარღვია, თუმცა შოთა ლომიამ ყოფილი კლუბს ვერ გაუტანა. მისი დარტყმული პენალტი ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმი სრული ფორმალობა გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ჩირგაძემ პროფესიულ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მეორე გოლისას მარჯვენა ფეხით ტექნიკურად დაარტა და კუთხეში დარტყმულ ბურთს ივარდავა ვერ შეწვდა.

“ზუგდიდის” 32 წლის მეკარემ საქართველოს ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა. მართალია შვიდი გოლი გაუშვა, თუმცა ანგარიში მოედნის ფეხბურთელთა თამაშმა ასახა და არა თავად მეკარის არადამაჯერებლობამ.

ყველაზე მეტად კომბინაციური ელემენტები მე-80 წუთზე გიორგი ჭანტურიშვილის გოლს ახლდა. ამ გოლისას კიტეიშვილი და პაპუნაშვილიც აქტიურობდნენ, მომენტი კი ჭანტურიშვილმა დააგვირგვინა.

1981 წლის 13 მაისს “დინამომ” იენის “კარლ ცეისი” დაამარცხა და თასების მფლობელთა თასი მოიგო. 2015 წლის 13 მაისს კი ბესიკ შეროზიას “ზუგდიდს” სძლია, თუმცა საქართველოს ჩემპიონობის თეორიული შანსი დაკარგა.

დინამო – ზუგდიდი 7:0 (3:0)

13 მაისი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”

დინამო: დაუშვილი, გველესიანი, რენე (ბუკორაცი 38), კაკაბაძე, შერგელაშვილი, ჯანელიძე, ცინცაძე (კიტეიშვილი 70), პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (ჯიღაური 57), ჩირგაძე, ჭანტურიშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

ზუგდიდი: ივარდავა, პაჭკორია, აკობია, რიგვავა (კუკავა 46), მეგრელიშვილი, მაჩაიძე, კუტალია (ეხვაია 73), ლომია, გუგუჩია, ენდელაძე, კობერიძე (ქირია 46)

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გოლები: 1:0, 6:0 ჭანტურიშვილი (15, 80), 2:0 პაპუნაშვილი (17), 3:0, 4:0, 7:0 ჩირგაძე (40, 65, 90+1), 5:0 ჯიღაური (77)

მთავარი მსაჯი: აბდულა ბასლეჰო

გაფრთხილება: კობერიძე (41), ბუკორაცი (49), შერგელაშვილი (64), მეგრელიშვილი (83), ეხვაია (85)

0.312394