ფეხბურთი

14:01 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაპდევილამ კარიერა დაასრულა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ჟოან კაპდევილამ კარიერა დაასრულა. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელიც ბოლოს ბელგიურ “ლიერსში” გამოდიოდა, ასეთი გადაწყვეტილება მუხლის მძიმე ტრავმის გამო მიიღო.

“ფეხბურთთან ასე დამშვიდობება სასიამოვნო არაა, მითუმეტეს მძიმე ტრავმები არასდროს მაწუხებდა. თუმცა კარგია, რომ ეს კარიერის ბოლოს მოხდა და აქამდე ფეხბურთით სიამოვნების მიღება სრულად შევძელი. ახლა ბევრი დრო მექნება, რომელსაც ოჯახის წევრებს და ახლობლებს დავუთმობ” – განაცხადა 37 წლის ფეხბურთელმა.

კაპდევილა “ლიერსში” ამ ზამთარს ინდოეთის ჩემპიონატიდან გადაბარგდა, სადაც “ნორდ-ისტ იუნაიტედში” თამაშობდა. მისი პროფესიონალური კარიერა კატალონიურ “ტარეგაში” 1996 წელს დაიწყო. ამ კლუბების გარდა, ესპანელ მცველს “ესპანიოლის”, მადრიდის “ატლეტიკოს”, “დეპორტივოს”, “ვილიარელის”, “ბენფიკას” და “ესპანიოლის” ღირსება დაუცავს. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2002-2011 წლებში 60 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდთან ერთად 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის და 2010 წლის მუნდიალის გამარჯვებული გახდა. 2000 წელს კი 23-წლამდელთა შემადგენლობაში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.110595