“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასის “ალაფის” პირველი მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ურუგვაისთან 40 წუთის შემდეგ 31:0 დაწინაურდნენ. ასეთი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ მეტოქის პროვოკაციებს აჰყვა და მომდევნო შეხვედრის წინ პრობლემები შეიქმნა.
ილია მაისურაძის შეგირდები სამხრეთამერიკელ მეტოქეს პრაქტიკულად ყველაფერში სჯობდნენ. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩვენი გუნდის უპირატესობა მოლსა და შერკინებაში, ასევე, უფრო მაღალი იყო ინდივიდუალური და საშემსრულებლო ოსტატობა, რამაც შედეგი საწყის 20 წუთში გამოიღო და არა მხოლოდ მატჩის, არამედ პრემიალური ქულის ბედიც პირველსავე მეოთხედში გადაწყდა.
თამაშში ბურთი ურუგვაიმ შეიყვანა, ოთარ გიორგაძემ რაქიდან მოულოდნელად შეუტია და თავისი ნახევრიდან მეტოქის 22-მდე ბრძოლით ლამის 50 მეტრი გაიარა, იქიდან ფეხით მარცხენა ფლანგზე ჩაკიდებულს იოსებ კიკვაძე მიყვა და პირველი ლელოც მე-40 წამზე გავიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ქართველთა უპირატესობის დასტურად, მეორე ლელოც მალევე გავიდა. მეტოქის აუტის მოგების შემდეგ, გიორგი კოშაძემ ხაზი გაჭრა და მართალია ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 5-იოდე მეტრში დაიკარგა, მაგრამ მეტოქეს შერკინებაში რომ ვაჯობეთ ბექა გორგაძემ ბურთი ვასილ ლობჟანიძეს გაატანა და ეროვნული გუნდის 9 ნომერი მცველებს შორის გაძვრა - 10:0 და ჯინჭველაშვილმა მონაგარს გარდასახვით კიდევ 2 ქულა შემატა.
გორგაძე-ლობჟანიძის დუეტმა კიდევ რამდენჯერმე იმუშავა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა გუნდების და განსაკუთრებით ფიჯის შერკინება ასეთი ჯაბანი სავარაუდოდ აღარ იქნება და ლელოების ასე იოლად გატანა აღარ გამოვა. ამ თამაშში კი, შერკინების უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე გამოიყენა, მეტოქის ლელოდან 7 მეტრში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია, სამხრეთამერიკელებს უკან დაახევინა და მესამე ლელო გორგაძემ მიითვალა, ხოლო ჯინჭველაშვილმა ეს გარდასახვაც ზუსტად შეასრულა - 19:0 მე-14 წუთზე!
თამაში რომ განახლდა ურუგვაიმ ჩამორჩენის შემცირების შანსი მიიღო, მაგრამ მათი დარტყმული ჯარიმა ძელმა აისხლიტა. ამას ქართველთა რამდენიმე შეცდომა და ზედიზედ ორი ჯარიმა მოყვა, ურუგვაიმ ზედ კარის წინიდან 3 ქულის აღებას ლელოზე თამაში არჩია, მაგრამ 5-მეტრა დერეფანიდან რომ არაფერი გამოუვიდა, ფეხით ითამაშა და შემტევს დამიწება მცველმა დაასწრო. ქართველთა მესამე ლელოსა და ამ ეპიზოდში ურუგვაიმ პროვოკაციები სცადა, მაგრამ საქმე არ გართულდა და კარგი იქნებოდა, ეს თავშეკავება მერეც თუ გაგრძელდებოდა...
ტაიმის შუაში “ბორჯღალოსნებმა” ცენტრიდან ხელდახელ შეუტიეს, ბადრი ლიპარტელიანმა ჯინჭველაშვილს უპასა, მანაც რამდენიმე მეტრი ირბინა და ბადრის გადაცემა დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი, კარგი შეტევა მეოთხე ლელოთი დაასრულა, ხოლო ლიპარტელიანმა გარდასახვა გამოიყენა და 26:0. ამრიგად, მატჩის ბედი ხომ ნაადრევად გადაწყდა და პრემიალური ქულაც ქართველებს ჯიბეში ჰქონდათ, რასაც წესით სიტუაცია უნდა დემშვიდებინა. ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მეტოქის გატანჯული ბურჯი მორიგი ჯარიმის შემდეგ სინბინით დაისაჯა, შემდეგი შერკინებიდან გორგაძემ ბურთი ისევ ლობჟანიძეს გაუტანა, რომელმაც მარჯვენა ფრთიდან შეტევაში ჩართულ ანზორ სიჭინავას გადაცემა არ დაუგვიანა და მეხუთე ლელოც გავიდა. ასეთმა სხვაობამ მეტოქე კიდევ უფრო გააღიზიანა და მისმა პროვიკაციებმაც პირველი შედეგი 31-ე წუთზე გამოიღო, როდესაც სიჭინავა სინბინით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს სალელოვე შანსი ისევ ქართველებს ჰქონდათ, თუმცა ყველა შანსი ლელოთი ვერ დაგვირგვინდება და ტაიმი 31:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ურუგვაიმ შემოგვიტია, მოლით ლელოს ხაზსაც მიუახლოვდა, მერე დავჯარიმდით და ისევ აუტიდან შეგვიტიეს, მაგრამ დაცვამ კარგად იმუშავა. ამასობაში 48-ე წუთი მოვიდა, მეტოქე წაქცეულ კაპიტანს, ბადრი ალხაზაშვილს ეუხეშა და გუნდური ჩხუბი ატყდა. მუშტი კრივში ქართველებმა იმარჯვეს და ურუგვაელთა სათადარიგო სკამიდან ბოთლის მსროლელიც გაილახა, მაგრამ რა დისციპლინარული სასჯელი მოყვება ამას, ჯერ არავინ იცის და იმედია, ალხაზაშვილის გარდა, რომელსაც რეფერიმ წითელი ბარათი უჩვენა, სხვა არავინ დაისჯება.
თამაში რომ განახლდა საქართველოს ნაკრები არული თამაშობდა და ზედიზედ რამდენჯერმე დაჯარიმების შემდეგ, ყვითელი ბარათი თორნიკე ბუბუტეიშვილმა მიიღო. კაცნაკლულმა ქართველებმა ლელო მაინც იქით გაიტანეს, მარცხენა ფლანგზე ხელდახელ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ურუგვაელმა მცველებმა ზედ ხაზზე იყოჩაღეს, მაგრამ ირაკლი სვანიძემ ფეხით ბურთი მარჯვენა ფლანგზე ჩაკიდა და ოთარ გიორგაძემ მეექვსე ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 36:0. მერე სამხრეთელებმა მაინც შეძლეს მეტობის გამოყენება და მარცხენა ალამთან პირველი საპასუხო ლელო გაიტანეს, არადა, ეს გუნდი მშრალზე მარცხს იმსახურებდა.
მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი ლამაზი კომბინაცია ლელოთი დაასრულა. პირველ ჯერზე მოლის შემდეგ თამაში რაქში გადავიდა, იქიდან შეტევა მარცხენა ფლანგზე გაიშალა, კიკვაძემ 22-თან ხაზი, მბოჭავიც ჩამოიცილა და დუბლი შეასრულა. სამ წუთში უკვე შერკინებიდან გაიშალა შეტევა და ხელდახელ იერიში ლელოთი სვანიძემ დააგვირგვინა. გარდასახვები არაზუსტი იყო და 46:7. მატჩის მიწურულს რეფერიმ კიკვაძეს უხეში ბოჭვისთვის გაასინბინა, მეტობით ურუგვაიმ კვლავ ისარგებლა და თავისი მეორე ლელოთი საბოლოო ანგარიში დაფიქსირა - 46:12 და წინაა მატჩი ფიჯისთან, რომლის დამარცხებაც პრაქტიკულად ფინალში გასვლის ტოლფასი იქნება.
ფიჯიმ პირველ მატჩში მასპინძელი პორტუგალია 34:19 დაამარცხა, 5 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მეორე ჯგუფში კანადამ ნამიბიას 35:20 სძლია, ხოლო ტონგამ ჰონკონგი 35:16 დაამარცხა.
2015 წლის მსოფლიო თასის “ალაფის” ჯგუფები და მატჩების განრიგი
A ჯგუფი
I ტური. 12 მაისი
ურუგვაი - საქართველო 12:46 (0:31)
საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი კოშაძე, 12. ბადრი ლიპარტელიანი, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა ნეფარიძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. დავით პაპავაძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. ლაშა საჯაია, 17. ბექა კაკაბაძე, 18. როლანდ კვაჭაძე, 19. გიორგი ცუცქირიძე; 20. გიორგი კვესელაძე, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.
განაცხადში არ იყვნენ: ნიკა სვიმონიშვილი, თორნიკე ზოიძე, რატი შანიძე, დავით გულიტაშვილი
8 ლელო: კიკვაძე (1, 7), ლობჟანიძე, გორგაძე, ლიპარტელიანი, სიჭინავა, გიორგაძე, სვანიძე
3 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი
3 სინბინი: სიჭინავა, ბუბუტეიშვილი, კიკვაძე
1 გაძევება: ალხაზაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე
მწვრთნელები: ლადო კილასონი, ზურა ამონაშვილი, გაგა გურეშიძე
ფიზ. მომზადების მწვრთნელები: ირაკლი ჭყონია, გიორგი ნადარეიშვილი
ფიჯი - პორტუგალია 34:19
1. | საქართველო | 1 | 1 | 0 | 0 | 46-12 | 5 |
2. | ფიჯი | 1 | 1 | 0 | 0 | 34-19 | 5 |
3. | პორტუგალია | 1 | 0 | 0 | 1 | 19-34 | 0 |
4. | ურუგვაი | 1 | 0 | 0 | 1 | 12-46 | 0 |
16 მაისი
ურუგვაი - პორტუგალია
ფიჯი - საქართველო
20 მაისი
საქართველო - პორტუგალია
ფიჯი - ურუგვაი
B ჯგუფი
12 მაისი
კანადა - ნამიბია 35:20
ტონგა - ჰონკონგი 35:16
1. | ტონგა | 1 | 1 | 0 | 0 | 35-16 | 5 |
2. | კანადა | 1 | 1 | 0 | 0 | 35-20 | 4 |
3. | ნამიბია | 1 | 0 | 0 | 1 | 20-35 | 0 |
4. | ჰონკონგი | 1 | 0 | 0 | 1 | 16-35 | 0 |
16 მაისი
კანადა - ჰონკონგი
ტონგა - ნამიბია
20 მაისი
ნამინია - ჰონკონგი
ტონგა - კანადა
ფინალური დღე. 24 მაისი