11 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებამ ხარაგაულის “ჩხერიმელასა” და მისი ფეხბურთელების მიმართ, ხარაგაულელთა და თბილისის “ლოკომოტივის” მესვეურთა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
აღმასკომმა გარიგებულ მატჩებში ბრალდებულთა საქმის გამოძიების დასრულებამდე, საფეხბურთო კლუბ “ჩხერიმელას” და მის ორ ფეხბურთელს თემურ სანიკიძესა და გიორგი გოდერიძეს უფლება-მოვალეობა შეუჩერა.
ასევე, 5 მაისის მერე (იმ დღიდან, როცა შსს-მ “ჩაწყობილ” მატჩებში ბრალდებულები დააკავა) ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მატჩებში “ჩხერიმელას” წაგება ჩაეთვლება.
“ჩხერიმელამ” საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის A ზონის 34-ე ტურში ზუგდიდის “ლაზიკა” 2:0 დაამარცხა, ხოლო “ლოკომოტივმა” სტუ-ს 6:0 სძლია. შესაბამისად, “ლოკომოტივი” 62 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო “ლაზიკა” 60 ქულით მესამეა. აქედან გამომდინარე, “ლოკომოტივს” უმაღლეს ლიგაში გადასავლელ პლეი ოფში თამაშის შანსი გაუჩნდა.
თუმცა, აღმასკომის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, “ჩხერიმელას” (0:3) წაგება ჩაეთვალა და ამიტომ, 63 ქულით მეორე ადგილზე “ლაზიკამ” გადაინაცვლა. არადა, “ჩხერიმელა” – “ლაზიკას” მატჩის დროს, ხარაგაულელთა ორი ფეხბურთელი უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ჰყავდა.
თუ დარჩენილ ორ ტურში “ლაზიკა” ორივე მატჩს მოიგებს, მაშინ, პლეი-ოფში სწორედ ზუგდიდური გუნდი მოხვდება.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, პირველ ლიგის A და B ზონებში მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში ერთმანეთში ითამაშებენ. მათ შორის გამარჯვებული უმაღლეს ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება და გამარჯვებული მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
ბუნებრივია, “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას პრეტენზია აქვს, რადგან აღმასკომის გადაწყვეტილების გამო, დიდი შანსია მეორე ადგილზე გასვლისა და უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად ბრძოლის შესაძლებლობა დაკარგოს.
თავის მხრივ, “ჩხერიმელას”, რომელიც მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება, წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორი მოთამაშის გამო, მთელი გუნდის დასჯა, არამართებულია. მათი თქმით, შესაძლოა, ორმა ფეხბურთელმა თამაშის “ჩაწყობა” გადაწყვიტა, მაგრამ კლუბს ამასთან კავშირი არ აქვს.
რთული სათქმელია რატომ აიღო აღმასკომმა ათვლის წერტილად მაინც და მაინც 5 მაისის მერე ჩატარებული მატჩები. მითუმეტეს, როდესაც გოდერიძესა და სანიკიძეს “ლაზიკასთან” არ უთამაშიათ. ალბათ, გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, რომ “ჩხერიმელას” დარჩენილი შეხვედრები ჩაეტარებინა და თუ კლუბს დაუმტკიცდებოდა, რომ გარიგებულ შეხვედრებში მონაწილეობდა, ამ შემთხვევაში მეორე ლიგაში დაექვეითებინათ. მითუმეტეს, ამ გადაწყვეტილების გამო დიდი შანსია “ლოკომოტივმა” იზარალოს, რომელიც მართლაც არაფერ შუაშია.