19 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ნათანმა, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მისი ხელმოწერით დამშვენებული ლონდონის “ჩელსის” კონტრაქტია გამოსახული.
ადგილობრივი პრესის ცნობით, ინგლისის ჩემპიონს “ატლეტიკო პარანაენსეს” შემტევი ფეხბურთელი 7 მილიონი ევრო დაუჯდა.
“ოცნება რეალობად იქცა. უწინარესად, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს, რომელიც გზას მინათებს, მამას, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი ნიჭის და მებრძოდა, რათა მიზნისთვის მიმეღწია, ოჯახს და მეგობრებს, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ”, - დაწერა ნათანმა ინსტაგრამზე.
ბრაზილიელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება. გარდა ნათანისა, “ჩელსი” კონტრაქტის გაფორმებას კიდევ ერთ ახალგაზრდა ბრაზილიელთან, კენედისთან ცდილობს.