ახალი ამბები

1:40 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის მინისტრმა “არენაში” ისაუბრა

სპორტისა და ახალგაზრდობის ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გადაცემას “არენას” ეწვია და დავით მინაშვილის დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ახალმა მინისტრმა საკმაოდ ნაყოფიერად ისაუბრა. შეაფასა არსებული მდგომარეობა სამინისტროში და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

მინაშვილი: - პირველი საქმე რაც გააკეთეთ ან რის გაკეთებასაც აპირებთ?

ხეჩიკაშვილი: ვაცნობიერებ თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია აბსოლუტურად ყველას წინაშე. მოლოდინი დიდია, პრობლემები კი ბევრი, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვდა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ზუსტი ანალიზი, დავსვათ ზუსტი დიაგნოზი, დავიწყოთ პროცესების მკურნალობა და მართვა. პირველ რიგში, უკვე გაკეთებულ საქმეებს უნდა გავეცნოთ, რაც კარგია უნდა გავაძლიეროთ და ახალი იდეებიც უნდა განვავითაროთ.

- იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები სამინისტროში?

- ხშირი შეკითხვაა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე მაქვს სრული თავისუფლება იმისა, რომ არჩევანი გავაკეთო ჩემს გუნდზე, თუმცა გულწრფელად ვიტყვი, რომ ძალიან მოკლე დრო იყო კონკრეტული გუნდით მოვსულიყავი, თან ამის აუცილებლობას ახლა ვერ ვხედავ. ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია სპორტის სამინისტროში და შეფასების კრიტერიუმში ჩემთვის მთავარი არის პატიოსნება და პროფესიონალიზმი. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია სამინისტროში და ვერ ვხედავ საჭიროებას, რომ რადიკალური ცვლილებები მოვახდინო. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ახლა დაწყებულია პროექტები, რომელზეც ნაფიქრი აქვს ხალხს და მისი დამუშავება მიმდინარეობს. უკეთ გავეცნობი ყველაფერს და დაახლოებით 2-3 თვეში მეცოდინება, საჭირო იქნება თუ არა გარკვეული გადახალისება სამინისტროში.

- რა იქნება სამინისტროს პრიორიტეტი?

- პირველ რიგში მინდა მადლობა მოვუხადო ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს, რომელსაც ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული და ეს ნამდვილად დასაფასებელია. რასაკვირველია, მას ჰქონდა შეცდომები და მექნება მეც, ამიტომაც ჯობს პოზიტიურზე ვისაუბროთ. არამარტო ლევანს, არამედ ყველა წინამორბედს აქვს კარგი საქმე გაკეთებული და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ბევრ რაღაცაში ყიფიანს ვეთანხმები, ხოლო რაშიც სხვადასხვა აზრის ვართ, შეიცვლება და ამას დრო გვანახებს.

რაც შეეხება პრიორიტეტს, ვფიქრობ, რომ აუცილებელია სპორტი შევიდეს ყველა ოჯახში. ამაზე თუ არ დავიწყეთ ზრუნვა ძალიან გაჭირდება, სპორტი უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული და ჩვენ ამის მიღწევს გვსურს. საჭიროა, რომ ყველა ოჯახში შეეძლოთ ბავშვის სპორტულ წრეზე მიყვანა და ეს ზოგადად ერისთვის უმნიშვნელოვანესია.

- ბიზნესიდან ხართ მოსული და მიდის საუბარი, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი რასაც თქვენ დასვამთ, იქნება საკანომდებლო ცვლილებები ბიზნესის წახალისების მიზნით.

- მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი იყოს კარგად გათვლილი. ეს არის პროცესი, რომელიც საკმაოდ დიდ სირთულეებს იწვევს, თუ ყველაფერი ჯანსაღად არ მივიტანეთ. ამიტომაც, ამას უნდა ძალიან კარგად რეგულირება, სწორად დაგეგმვა, რომ ეს ბიუჯეტისთვის მისაღები იყოს. მთავარია სწორი გათვლა, ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დაიგეგმოს, გათავისებული უნდა იყოს, თუ საითკენ უნდა მიდიოდეს და მიზანი რა არის. ამიტომაც, ეს კომპლექსურადაა დასანახი, თუმცა ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, საკანონმდებლო ინიციატივა ისეთი იყოს, რომ სპორტის დაფინანსება იყო სოლიდური და გამოყენებული იქნას იდეები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ეფექტურადაა დანერგილი. ასევე, საჭიროა არსებული ინფრასტრუქტურის ზუსტად დათვლა. ვიცოდეთ, თუ რა და სად გაგვაჩნია ზუსტად. საჭიროა ასევე ბავშვების სწორად მომზადება, რასაც კვალიფიციური მენეჯერები სჭირდება.

- ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე, რამდენად მოესწრება უნივერსიტეტთან არსებული მშენებარე ხელბურთის დარბაზის დასრულება?


- აუზი ფაქტობრივად აშენებულია, ხოლო როგორც მე ვიცი დარბაზი სატესტო მატჩისთვის, რომელიც 25 ივნისს ჩატარდება მზად იქნება. გვაქვს რასაკვირველია გარანტიები, რომ ყველაფერი დროულად იქნება და იმედია ასე მოხდება, რადგანაც ასეთ ტურნირზე მოუმზადებელი შეხვედრა მთელი ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია. ამ თემაზე საუბარი ყოველდღიურად მიმდინარეობს, მქონდა შეხვედრა დავით ნარმანიასთან და მისთვისაც უმნიშვნელოვანესია ოლიმპიადაზე ღირსეული დახვედრა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და არ შევრცხვებით. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ ბოლომდე არ უნდა მიგვეყვანა და ამდენი არ უნდა გვენერვიულა ამ ყველაფერზე.

- შეხვდით თუ არა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებს და დაისახა თუ არა გარკვეული სამუშაოები?

- რასაკვირველია იყო შეხვედრა. იქ არიან ძალიან ღირსეული და დამსახურებული ადამიანები სპორტის სფეროში. ისინი არიან დიდი სპორტსმენები და სათაყვანებელი პიროვნებები. იყო გაცნობითი შეხვედრა, თუმცა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. რაღაც საკითხებში დავეთანხმე, რაღაცაში კი ჩემი პოზიცია მქონდა. ჩემი მთავარი მოვალეობაა, რომ მოიხსნას ის დაძაბულობა, რაც დამხვდა და ყველამ თავის საქმე აკეთოს.

- და ბოლო თემა ეს არის ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა, რასაც ყოველთვის საყვედურობდნენ წინა მინისტრს.

ფეხბურთი ჩემთვის არის ალბათ ნომერი პირველი სატკივარი და საზრუნავი. თუმცა, მე გპირდებით, რომ არცერთ სახეობას არ მოვაკლებ ყურადღებას და ვაცნობიერებ, რომ მარტო ფეხბურთი არ არის ჩემი საზრუნავი. თუმცა, არ დავმალავ, რომ ყველაზე დიდი მოლოდინი და გულშემატკივრების არმია ფეხბურთშია და შესაბამისად, მე ძალიან ბევრი მინდა გავაკეთო ამ სპორტისთვის.

"არენას" სრული გადაცემა იხილეთ ამ ბმულზე

0.110155