ქართულ სპორტში ძიუდოს შემდეგ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მეორეა, რომელმაც მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოიგო.
დღეს სეოკმა თავის ოფისში მსოფლიოს ჩემპიონ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს უმასპინძლა. სხვადასხვა მიზეზით შეხვედრაში ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა და ნაკრების წევრები ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია არ მონაწილეობდნენ. ღონისძიებას მასმედიისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლებთან ერთად საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელიც ესწრებოდა.
სიტყვით გამოვიდნენ სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.
ლერი ხაბელოვი: „ვულოცავამ დიდ წარმატებას ქართველ მოჭადრაკეებს, რომლებიც ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა ალექსანდრიას მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებენ.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებთან შეხვედრა იმიტომ დავაგვიანეთ, რომ ქალბატონი ნონას სამშობლოში დაბრუნებას ველოდებოდით, რომელიც ვეტერან მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა და ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. 3 მაისს ქალბატონ ნონას დაბადების დღე ჰქონდა - 74 წელი შეუსრულდა. გილოცავთ ქალბატონო ნონა! გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!
ჩინეთში მოასპარეზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს, მთელ საქართველოსთან ერთად, საქართველოს პარლამენტი და მთავრობაც ქომაგობდა. ქართულ ჭადრაკს ყურადღება არც აქამდე აკლდა, მაგრამ იმის შემდეგ რაც სოკმა (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ფიდე (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) სპორტის საერთაშორისო ფედერაციად აღიარა, ჩვენ ვალდებულები ვართ ჭადრაკს მეტი ყურადღება მივაქციოთ...“
ნონა გაფრინდაშვილი: „ის რაც საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა გააკეთა მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისთვის, არამედ მთელი საქართველოსათვის. ქართულ ჭადრაკში სერიოზული ტრადიციები არსებობდა და არსებობს, მაგრამ არ გვქონდა წარმატება გუნდურ ასპარეზობაში და ეს წარმატებაც მოვიდა. მინდა გამოვყო გუნდის ლიდერის და პირველ დაფაზე მოასპარეზე ბელა ხოტენაშვილისა და ახალგაზრდა მერი არაბიძის კარგი თამაში, რომლებმაც თავიანთ დაფებზე პირველი ადგილი დაიკავეს. გუნდურ ჭადრაკში წარმატების მოპოვება დიდადაა დამოკიდებული თუ როგორ თამაშობს გუნდის ლიდერი. ძაგნიძის არყოფნაში ამ საქმეს ხოტენაშვილმა თავი შესანიშნავად გაართვა. რაც შეეხება არაბიძეს, მისი სახით საქართველოს ნაკრებს ძალიან ძლიერი წევრი შეემატა. არაბიძემ მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზეც კარგად ითამაშა და 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა. ასე გააგრძელეთ და იცოდეთ, რომ მომავალში როგორც ჩემპიონები გამორჩეული ყურადღების ცენტრში იქნებით. ნებისმიერი ნაკრებისათვის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ტარება სერიოზული ფსიქოლოგიური დატვირთვაა. იმედია თქვენ ამ დატვირთვას გაუძლებთ...“
გია გიორგაძე: „კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ გუნდს ამ წარმატებას, რომელშიც გამორჩეული წვლილი ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავას მიუძღვის. ფაქტობრივად ორსაათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მზადება ყოველი შეხვედრის წინ. ნაკრების ერთ წევრსაც კი არ დაუწუწუნია, რომ გადაიღალა ან სხვა რაიმე პრობლემამ შეაწუხა.
ქალბატონ ნონას ვულოცავ დაბადების დღეს. მისი გვერდში დგომა მნიშვნელოვანია ყველა ქართველი მოჭადრაკისათვის...“
ზურაბ აზმაიფარაშვილი: „ყველას ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ჩინეთში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი. ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა, რომ სპეციალურად არ გამოვჩნდი, რათა ნაკრებს ხელი არ შეშლოდა. მის შიდა საქმეში ჩარევაზე საუბარიც ხომ ზედმეტია. მხოლოდ გია გიორგაძემ იცოდა ჩინეთში ჩემი ყოფნის შესახებ.
მეამაყება, რომ მე ერთ-ერთი იმათთაგანი ვარ, ვინც ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ისეთი ავტორიტეტული პიროვნების დანიშვნა გადაწყვიტა, როგორიც ელიზბარ უბილავაა.
დიდი მადლობა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს იმისათვის, რაც თქვენ ქართული ჭადრაკისა და მთლიანად საქართველოსთვის გააკეთეთ.
გილოცავ ქალბატონ ნონა დაბადების დღეს და გპირდებით, რომ მომავალ 2016 წელს დაბადებიდან თქვენს 75-ე წლისთავს გამორჩეულად აღვნიშნავთ“.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ხაბელოვმა ნაკრების წევრები, გუნდის კაპიტანი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, გია გიორგაძე და ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.