ფეხბურთი

12:21 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გეფერიძის დუბლი სომხეთში, ქართველებისთვის უიღბლო ტური რუსეთის პირველ დივიზიონში

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 31-ე ტურში ტიხვინის “ტოსნომ” სტუმრად კალინინგრადის “ბალტიკა” 2:0 დაამარცხა.

რუსეთის მოქალაქე მცველმა გურამ თეთრაშვილმა გამარჯვებულთა რიგებში სრულად ითამაშა, ხოლო მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი სათადარიგო იყო. მეკარე ნუკრი რევიშვილი სტუმართა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. კალინინგრადელთა განაცხადში გოლკიპერი გიორგი შელია არ ფიგურირებდა, რომელსაც რუსული პასპორტი აქვს. “ტოსნოს” 61 ქულით 18 გუნდში მე-3 ადგილი უკავია, ხოლო “ბალტიკა” 33 ქულით მეთოთხმეტეა.

“სახალინმა” თავის მოედანზე სამარას “კრილია სოვეტოვთან” 0:3 წააგო. შემტევი ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს. სახალინელთა კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველი გიორგი კახელიშვილი თადარიგშიც ვერ მოხვდა. დიდი ალბათობით, ის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. “სახალინი” 31 ქულით მეთხუთმეტეა.

ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” შინ ტომსკის “ტომთან” 0:5 წააგო. ფორვარდი მერაბ ურიდია მასპინძლების განაცხადში არ შეუყვანიათ, ხოლო რუსეთის მოქალაქე თავდამსხმელი ანზორ სანაია ტომსკელთა რიგებში 59-ე წუთზე გამოჩნდა. “ვოლგა” 40 ქულით მეცხრეა, “ტომი” კი 49 ქულით – მეოთხე.

ძერჟინსკის “ხიმიკი” ორენბურგში ადგილობრივ “გაზოვიკთან” 0:3 დამარცხდა. რუსეთის მოქალაქე გიორგი ჯიქია ძერჟინსკელთა შემადგენლობაში პირველი წუთიდან თამაშობდა და 82-ე წუთზე შეცვალეს. “ხიმიკი” 24 ქულით მეჩვიდმეტეა.

ასტრახანის “ვოლგარმა” თავის მოედანზე სარატოვის “სოკოლს” ვერ აჯობა – 1:1. რუსული პასპორტის მქონე ნახევარმცველმა თემურ ბუკიამ ასტრახანელებში 63-ე წუთიდან იასპარეზა. “ვოლგარი” 47 ქულით მეშვიდეა.

სომხეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში “ულისმა” სტუმრად ერევნის “არარატს” 3:1 აჯობა. ფორვარდმა ირაკლი გეფერიძემ გამარჯვებულებში დუბლი შეასრულა. მან მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 89-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის გარდა, “ულისეში” ქართველებიდან სასტარტოში გიორგი ხუბუამ, რუსეთის მოქალაქეებმა დავით ხურციძემ, ლევან ჯღარკავამ და ირაკლი ჭეჟიამ ითამაშეს. გალაქტიონ ზოიძე თადარიგში იმყოფებოდა. “ულისი” 46 ქულით 8 გუნდში მეორეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 33-ე ტურში აზალ-მა გასვლაზე “ბაქის” 2:0 აჯობა. ცენტრალურმა მცველმა ლაშა კასრაძემ გამარჯვებულებში 90 წუთი ითამაშა. აზალ-ი 35 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა.

0.124408