ფეხბურთი

15:46 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

იკერი, დავიწყებული წარსული

ერთხელ, ახლო წარსულში მშვენიერმა სერბმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა თქვა – უმაყურებლო ფეხბურთი იგივეა, როგორც უმკერდო ქალიო... ძნელია, სინიშას სიტყვებს არ დაეთანხმო, მით უმეტეს, ჩვენ, ქართველები, რომელთათვისაც უმაყურებლო და ცარიელი ტრიბუნების წინაშე გამართული ფეხბურთი უცხო ხილი ნამდვილად არაა...

სტატიის წერა გუშინდელმა ფაქტმა გადამაწყვეტინა, ფაქტმა, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებზე მოხდა.

მადრიდის “რეალი” მსოფლიო საფეხბურთო ეპარქიის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი რომაა, ძველი ამბავია. შესაბამისად, “სამეფო კლუბის” გულშემატკივრებიც ყველაზე ამაყნი არიან და თავიანთი საყვარელი გუნდის მაისურის ფერებში გამოწყობილი ფეხბურთელებისგან, რომლებიც სხვათა შორის მათსავით და თითოეული ჩვენგანივით ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანს ძალუძს.

არაერთხელ გვინახავს 80 ათასი გაგიჟებული მადრიდელი ინჩასის მოფრიალე თეთრი ცხვირსახოცები (რატომ მაინცდამაინც ცხვირსახოცი, ისიც თეთრი და რას ნიშნავს ეს ყოველივე, ვგონებ, ახსნას ჩვენი მკითხველისთვის არ საჭიროებს), არაერთხელ გვინახავს, როცა იგივე პუბლიკა თავიანთ გმირებს უსაზღვრო სიყვარულით შეხვედრია თუ დახვედრია“სანტიაგო ბერნაბეუს” ულამაზეს სტადიონზე.

არც ისაა გასაკვირი, რომ “რეალის” გულშემატკივრები ზედმეტად მომთხოვნი არიან. სხვანარიად ვერც იქნებოდა – მათ სათაყვანებელ გუნდში ხომ ფერენც პუშკაშიდან დაწყებული, ზინედინ ზიდანით დამთავრებული, დიდ ფეხბურთელებს უთამაშიათ. მათ ხომ ყოველთვის ჰქონდათ და აქვთ პრეტენზია მთელს დუნიაზე ლიდერობისა, ბატონობისა...

იკერ კასილიასი ერთი მადრიდელი ბიჭია, უღალატო, თავისი საქმის პროფესიონალი, თანაც ისეთი, მოედნის მიღმაც რომ ნამდვილი პიროვნებაა. არაერთხელ მოუყვანია მის გასაოცარ სეივებს “ბერნაბეუს” ტრიბუნები აღტაცებაში და არაერთხელ გაუცილებიათ იგი მქუხარე აპლოდისმენტებით. იკერს ხომ მთელი თავის ცხოვრება “რეალთან” აქვს დაკავშირებული, თითქოს ადათ-წესების თანახმად მშობლებმა თეთრ მაისურზე აქორწინეს, თუმცა როგორც ჩანს, მადრიდში წარსული დაავიწყდათ, ფაქტია, რომ გუშინ ნამდვილად არ ახსოვდათ...

არადა, იკერი ისეთი ადამიანია, პრეტენზიას რომ არ გამოხატავს. მერე რა, რომ შესაძლოა ისევ ვეღარ ბრწყინავს, როგორც ახალგაზრდობის წლებში... მადრიდელი ქომაგების საქციელს “ვალენსიასთან” მატჩის დროს, ვერაფერი გაამართლებს. შეიძლება ყველას დაუსტვინო, დაუსტვინო მეტოქეს, თუნდაც შეურაცხყო, მაგრამ იკერი? – იკერი ხომ თავად მადრიდის “რეალია”, იგი ხომ მთელს მსოფლიოში მადრიდის “რეალის” ელჩია აგერ უკვე მეორე ათეული წელია...

გასაგებია, რომ მადრიდელი ულტრასებისთვის “რეალზე” მაღლა ვერავინ დამდგარა, დგას და დადგება, მაგრამ განტევების ვაცად საკუთარი პირმშოს გამოყვანა ცოტა გადამეტებულად მეჩვენება. თქვენი არ ვიცი, და მე ამ ფაქტს ახსნას ვერ ვუძებნი, არადა, იმავე “ვალენსიასთან” მატჩისას თუ მაინცდამაინც ჯავრის ყრა ვინმეზე შეიძლებოდა, ეს ყველაზე ნაკლებად გუშინდელი საღამოს რისხვის ობიექტი გახლდათ... უცნაურია, უცნაურია თავად მადრიდული პუბლიკა, რაც აქამდეც არაერთხელ დადასტურებულა.

გასაკვირია, რომ ეს ის პუბლიკაა, თავის დროზე “ელ კლასიკოში” თვით ბარსელონელი ჯადოქარი რონალდიონიო რომ ჰყავს ოვაციებით გაცილებული. ცოტა ხნის მერე, იგივე პატივი უკვე “იუვენტუსის” კაპიტან დელ პიეროსაც მიაგეს, როცა ალექსმა “სამეფო გუნდი” ლამის მარტომ დაამარცხა. ბოლოს მეტოქისადმი ასეთი დაფასება და პატივისცემა “რეალის” ქომაგთაგან ანდრეა პირლოს მიმართ მახსენდება, როცა 2013 წლის შემოდგომაზე “ბერნაბეუზე” ნასტუმრები “იუვეს” საყრდენი ნახევარმცველი ცვლილებისას ფეხზე წამომდგარმა ხალხმა ტაშით გააცილა...

უცნაურია, გაკვირვებული ვარ, ადამიანებმა, რომლებმაც მეტოქის პატივისცემა იციან, თავისი სათაყვანებელი და თავიანთ ხელში ლეგენდად ქცეული მოთამაშე ვერ დააფასონ...

ცუდი და კარგი ყველგან არსებობსო და შესაძლოა, კასილიასისადმი აგრესია მთელ სტადიონს არც გამოუხატავს, მაგრამ მასას ერთეულები ჰქმნიან, შესაბამისად, მათ საქციელში ტრიბუნაზე მყოფი ყველა ადამიანი გაისვარა. გინდა, არ გინდა - ასეა...

რა მოხდება? – ადამიანის ფსიქოლოგია ისე უკუღმართადაა მოწყობილი, რომ გული კარგზე მეტად ცუდს, წყენას იმახსოვრებს. კასილიასი კი, ვფიქრობ, გულნატკენი თუ არა, განაწყენებული მაინც იქნება. ყველაზე რთული დაუმსახურებული კრიტიკისა და ლანძღვა-გინების მიღებაა, იკერს კი ეს ყოველივე ნამდვილად არ დაუმსახურებია, მით უფრო იმ ადამიანებისგან, ვის თვალწინაც “რეალი” მწვანე მინდორზე სათამაშოდ არაერთხელ გამოუყვანია.

თუმცა, მოსახდენი უკვე მოხდა, დრო კი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ უკან არ ბრუნდება. არავინ იცის, ვინძლო გუშინდელი მატჩი “რეალის” მაისურით “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებული ერთ-ერთი უკანასკნელი თამაშიც კი გამოდგეს კასილიასისთვის...

და მაინც, დრო რომ გავა, როცა გაიხსენებენ იკერს, გაიხსენებენ, როგორც ერთ-ერთ უდიდეს მეკარეს, უბრალო ადამიანსა და დიდ პიროვენებას. ის ადამიანები კი, ვინც მას დაუსტვინა, ყოველთვის დარჩებიან მაგალითად იმისა, როგორი არ უნდა იყოს გულშემატკივარი...

0.113087