ბლოგი

10:38 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესის ქარიშხალი

ქარი აბა ვის უკვირს? ქარი ხომ ყველგანაა... მაგრამ, ყველა ქარი ერთნაირი როდია? აბა როგორ უნდა შეადარო იმერეთის გაზაფხულის საამო სიო, უდაბნოს ხორშაკ ქარებს? ანდა როგორ გინდა ერთად ახსენო ზაფხულის ბათუმში, საღამოს ზღვიდან მობერილი ქარი და დიდიდიღმური ქარაშოტი? ერთი და უმთავრესი კი მაინც ალბათ ისაა, რომ ყველა ქარი მაინც ქარია და ყველა ქარს აქვს არსებობის უფლება.

ნეტა რა ჰქვია იმ ქარს, რომელიც გასულ ოთხშაბათს ლეო მესიმ გაიყოლა, როდესაც ბოატენგს ისე გაუქროლა, როგორც საიქიოში უნდა გაგვიქროლოს ჩვენმა წარსულში ჩადენილმა ცოდვებმა. არ ვიცი, ბოატენგსა და ”ბაიერნს” “პორტუს” საშინელი ანაგრიშით დამარცხების შემდეგ ისეთი რა ცოდვები დააწვათ კისერზე, მაგრამ ახლა ალბათ ის დროა, როცა კატალონიის დროშაზე ერთი თვით მაინც ჩია არგენტინელი უნდა დაახატონ, რომელმაც ჰაი ჰაი, რომ მართლაც დიდი და მწველი ქარაშოტი ჩაიდგა მხრებში და მიუნხენელ მცველებს კაეშანი მოუმრავლა.

ლეო მესისგან კარგი თამაში ვისაც უკვირს, პირველი ქვა იმან ესროლოს ისედაც ბეჩავ ნოიერს. ანდა რა არის ახალი იმაში, რომ ბურთიანი ლეო მესი უფრო ჩქარა დარბის, ვიდრე ახალთახალი, “კაი შეკრული” რუსული “07”. მესისგან თითქოს აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, მაგრამ, ეს საოცარი კაცი მაინც ახერხებს ჩვენს გაოცებას და თან ამას ისე მარტივად და უპრობლემოდ აკეთებს, თითქოს მსგავსი რამ ყველას შეგვეძლოს.

რა თქმა უნდა, მესი მარტო არაა. მას ზურგს შესანიშნავი თანაგუნდელები უმაგრებენ და კატალონიური კლუბი პირველ ყოვლისა გუნდია და მერე სხვა რამ. თუმცა, “ბაიერნთან” თამაშში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ბარსელონასთანა” ვარსკლავმრავალ კლუბსაც კი ულეომესობა აუცილებლად დაეტყობოდა და კაცმა არ იცის, არგენტინელი 10 ნომრის გარეშე კატალონიელები საერთოდ შეძლებდნენ თუ არა გერმანელთა მედგარი წინააღმდეგობის გატეხვას მეორე ტაიმში. ჩვენ მხოლოდ ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და მკითხაობას ვანებოთ თავი. ფაქტები კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ლეო მესი ფენომენალური ფეხბურთელია!

“ბაიერნის” დამარცხების მიზეზებზე ბევრი დაიწერა და ნამდვილად არ ვიქნები ორიგინალური თუკი მეც ვიტყვი იმას, რომ მიუნხენური გიგნატის ასე სამარცხვინოდ წაგებას ქონდა თავისი ობიექტური მიზეზები. ბავარიელთა ლაზარეთი დამტვრეულ ფეხბურთელებს ვერ იტევს, ამას ემატება გვარდიოლას გართულებული ურთიერთობა კლუბის დირექტორატის რამდენიმე წევრთან და ყოფილ საექიმო შტაბთან, რაც ბოლოს საექიმო შტაბის გადადგომით დასრულდა. ამას გარდა, გერმანელებმა ბოლო წლებში უკვე იმდენი ტიტული მოიხვეჭეს, რომ ლოგიკურად შეუმცირდებოდათ გამარჯვების მოტივაცია, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ, მიუხედავად ჩამოხვავებული პრობლემებისა, ასეთ გასაჭირში მყოფ ”ბაიერნს” ალბათ მაინც შეეძლო “ბარსელონასთვის” ჯეროვანი წინააღმდეგობის გაწევა. რომ არა...

რომ არა ლეო მესი!... არავინ იცის როგორ ითამაშებს მესი განმეორებით მატჩში გერმანიაში და მიუნჰენური მატჩის შედეგის გამოცნობაც რა თქმა უნდა რთული საქმეა, მაგრამ ამ გადასახედიდან უბრალოდ წარმოუდგენელია, რა შეიძლება დაუპირისპიროს მოწინააღმდეგემ კლუბს, რომელსაც მესი, ნეიმარი და სუარესი ყავს შეტევაში და მათგან ერთ-ერთი, არგენტინელთა აზრით უკვე მარადონას ტოლ-სწორია!

0.122162