საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტურში გორის “დილამ” “კოლხეთი” 1:0 დაამარცხა და ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა. 3 ტურით ადრე, “დილა” ბათუმის “დინამოს” 5 ქულით, ხოლო თბილისის “დინამოს” 6 ქულით უსწრებს. მატჩის შემდეგ გორელთა თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” დღევანდელი შეხვედრისა და ოთარ მარცვალაძის შესაძლო დამატების შესახებ კომენტარი გააკეთა:
უჩა სოსიაშვილი: “დაძაბული თამაში გამოვიდა. მეტოქემ მაქსიმალურად იბრძოლა. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით. სწორედ ამიტომ, მეორე ნახევრში 3 მცველს ერთიც დავუმატე, ტაქტიკა შევცვალე და როგორც დაცვა ასევე თავდასხმა ორგანიზებული გახდა. შეიქმნა მომენტები, თუმცა მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა 3 ქულის მოსაპოვებლად. ჩვენმა კონკურენტებმა ერთმანეთში ფრე ითამაშეს და მათთან ქულათა სხვაობა უფრო გავზარდეთ. დარჩენილი 3 თამაში ფინალის ტოლფასი იქნება, მოდუნების უფლება არ გვაქვს და მაქსიმალურად დავიხარჯებით.”
- გავრცელებული ინფორმაციით, “დილა” ოთარ მარცვალაძის დამატებას აპირებს...
-ოთარი ძალიან კარგი, გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელია. ეს მოთამაშე ჩვენ გუნდს ძალიან გამოადგება. სურვილი გვაქვს ჩვენთან ითამაშოს და დანარჩენ დეტალებს კი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეიტყობთ. მოლაპარაკებას კვლავ ვაწარმოებთ და ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის გაცემის უფლება არ მაქვს.