ფეხბურთი

15:49 | 9.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მილანურ-რომაული მატჩების მოლოდინი

იტალიის სერია A ნელ-ნელა დასასრულს უხლოვდება. სეზონის მთავარი ინტრიგა უკვე გარკვეულია - "იუვენტუსი" სკუდეტოს მფლობელია. ახლა გასარკვევი ისაა, თუ ვინ შევა ჩემპიონთა ლიგის ზონაში და ვინ მოიპოვებს ევროპის ლიგის საგზურს. ამავდროულად, სამიდან ორი დაქვეითებული გუნდის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. XXXV ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩია დაგეგმილი. გამორჩეულ ინტერესს რომაულ-მილანური დაპირისპირებები იწვევს - "მილანი" - "რომას", ხოლო "ლაციო" - "ინტერს" უმასპინძლებს.

"იუვენტუსი" - "კალიარი"

თარიღი: 9 მაისი, 20:00 საათი

ადგილი: ტურინი, "იუვენტუს სთედიუმი"

XXXV ტური "იუვენტუსისა" და "კალიარის" მატჩით დაიწყება. ტურინელებმა ზედიზედ მეოთხე სკუდეტო წინა ტურში გაიფორმეს და ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე არიან გადართულნი. მასიმილიანო ალეგრი ფაქტობრივად ძირითად შემადგენლობას მთლიანად ასვენებს, ერთადერთი გამონაკლისი კალუდიო მარკიზიოა. გარდა ამისა, "ბიანკონერის" რიგებში სასიამოვნო ამბავია. გუნდს პოლ პოგბა დაუბრუნდა, რომელიც სავარაუდო შემადგენლობაში ფიგურირებს. "კალიარის" კი სულ სხვა ამოცანა ამოძრავებს. სარდინიელები ქულებს ჰაერივით საჭიროებენ, რადგან სამშვიდობო ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან. ჯანლუკა ფესტას გუნდს ტურინში სამი ქულის მოპოვება სჭირდება, რამდენად გამოუვა ეს ყველაფერი, ამას საღამოს გავიგებთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"იუვენტუსი" (4-3-3): სტორარი; პადოინი, ბარძალი, ოგბონა, დე ჩელიე; პერეირა, მარკიზიო, პოგბა; პეპე, მატრი, კომანი

"კალიარი" (4-3-1-2): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, როსეტინი, აველარი; დონსა, კრესეტიჯი, ჟოაო პედრო; ეკდალი; ფარიასი, კოპი

მსაჯი: პერუცო

"მილანი" - "რომა"

თარიღი: 9 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: მილანი, "სან სირო"

დღის მეორე შეხვედრაში "მილანი" - "რომას" მასპინძელი იქნება. "როსონერისთვის" სეზონი კარგა ხანია დასრულებულია, თუმცა გუნდს ისეთი თამაში მაინც არ ეპატიება, როგორც ამას ბოლო ტურებში აკეთებდა. "რომა" კი მეორე ადგილისთვის იბრძვის და მოსისხლე მტერ "ლაციოს" მხოლოდ ქულით უსწრებს. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ რუდი გარსიას გუნდს წაფორხილების უფლება უკვე აღარ აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"მილანი" (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, მექსე, ალექსი, ანტონელი; პოლი, დე იონგი, ვან გინკელი; ჰონდა, დესტრო, ბონავენტურა

"რომა" (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იბარბო, დუმბია, ჟერვინო

მსაჯი: ტალიავენტო

"კიევო" - "ვერონა"

თარიღი: 10 მაისი, 14:30 წუთი

ადგილი: ვერონა, "ბენტეგოდი"

კვირის სათამაშო დღე ვერონული დერბით გაიხსნება. "კიევო" ნომინალური მასპინძლის რანგში "ვერონას" დაუხვდება. ორივე გუნდმა საამსეზონო ამოცანა წარმატებით გადაჭრა და ელიტაში მომავალ წელსაც ვიხილავთ. სხვა მიზნები ვერონულ კლუბებს არც ამოძრავებდათ. დერბის ისინი ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ხვდებიან და წესითა და რიგით თავიანთი გულშემატკივრის გასახარად ყველაფერი უნდა გააკეთონ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"კიევო" (4-4-2): ბიძარი; სკელოტო, დაინელი, ცეზარი, ბირაგი; ბირსა, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი

"ვერონა" (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მორასი, როდრიგესი, აგოსტინი; ობადი, ტაკჩიდისი, ლაზაროსი; ლოპესი, ტონი, იანკოვიჩი

მსაჯი: რიცოლი

"ჩეზენა" - "სასუოლო"

თარიღი: 10 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: ჩეზენა, "დინო მანუცი"

"ჩეზენა" "სასუოლოს" მასპინძელი იქნება. ეს თამაში მასპინძელთათვის ბოლო იმედის ნაპერწკალია. ვერმოგების შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ემილია-რომანიელები იტალიური ფეხბურთის მთავარ ლიგას მინიმუმ ერთი წლით დაემშვიდობონ. ასე რომ, დომენიკო დი კარლოს შეგირდები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდნენ. თანაც, "სასუოლოს" მოტივაცია აღარ გააჩნია. "ნეროვერდიმ" თავისი გასაკეთებლი უკვე კარგა ხანია გააკეთა და გაისადაც სერია ა-ში ითამაშებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ჩეზენა" (4-3-1-2): ალიარდი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; კარბონერო, კაშონე, ჯორჯი; ბრიენცა; დეფრელი, როდრიგესი

"სასუოლო" (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მისიროლი, ტაიდერი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: ბანტი

"პალერმო" - "ატალანტა"

თარიღი: 10 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: პალერმო, "რენცო ბარბერა"

სიცილიაზე "პალერმო", რომელსაც ადგილი სატურნირო ცხრილის შუაში კარგა ხანია დაბევებული აქვს, გადარჩენისთვის მებრძოლ "ატალანტას" უმასპინძლებს. ბერგამოელები ოდნავ მშვიდად არიან, რადგან მის უკან მდგომ "კალიარის" 6 ქულით სჯობნიან. მიუხედავად ამისა, ედი რეიას შეგირდებს მოდუნების უფლება არ გააჩნიათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"პალერმო" (3-5-2): უიკანი; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; ქუაისონი, რიგონი, იაიალო, ჩოჩიევი, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

"ატალანტა" (4-3-3): ავრამოვი; ბენალუანე, ბიავა, მაზიელო, დრამე; ბაზელი, მილიაჩო, კარმონა; დალესანდრო, პინილია, გომესი

მსაჯი: კალვარეზე

"უდინეზე" - "სამპდორია"

თარიღი: 10 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: უდინე, "ფრიული"

უდინეში, "უდინეზე" გენუის "სამპდორიას" უმასპინძლებს. ფრიულელებს მოტვაციის ნაკლებობა აშკარად გააჩნიათ, რასაც სტუმრებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ევროპის ლიგაზე გასვლას ცდილობს. "სამპა" ამჟამად მეექვსე პოზიციაზე იმყოფება და შანსი აქვს, როგორც წინ გადასვლის, ისე იმისა, რომ უკან ჩამოქვეითდეს. ლიგურიელებს უდინეში ყურადღებით თამაში მართებთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"უდინეზე" (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, ჰეტრო, დანილო, პირისი; გილერმე, პინცი, კონე; ფერნანდესი; დი ნატალე, ტერო

"სამპდორია" (4-3-1-2): ვივიანო; კაჩატორე, მუნიოსი, სილვესტრე, რეჯინი; აკქუა, პალომბო, დანკანი; სორიანო; მურიელი, ეტო'ო

მსაჯი: დი ბელო

"ემპოლი" - "ფიორენტინა"

თარიღი: 10 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: ემპოლი, "კასტელანი"

ტოსკანური დერბია ემპოლიში. "კარლო კასტელანიზე" "ემპოლი" ფლორენციის "ფიორენტინას" მიიღებს. მაურიციო სარის გუნდმა წინა ტურში სერია ა-ში ადგილი ოფიციალურად დაიბევა და ამ მატჩს ზედმეტი დატვირთვის გარეშე ხვდება. "იებს" კი ბოლო პერიოდში არადამაჯერებლობა მოეძალათ. ვინჩენცო მონტელას გუნდის მთავარ პრობლემად განსაკუთრებით საგოლე მომენტების ვერგამოყენება იქცა. რაც ევროპის ლიგაზე "სევილიასთან" მატჩშიც კარგად გამოჩნდა. სტუმრებს ევროპის ლიგის საგზური სჭირდებათ და ემპოლიში მხოლოდ მოსაგებად უნდა ჩავიდნენ. ქართველი ლევან მჭედლიძე კი უკვე ტრადიციულად თამაშს თადარიგიდან დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ემპოლი" (4-3-1-2): სეპე; ლაურინი, რუგანი, ტონელი, ჰისაი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი

"ფიორენტინა" (4-3-2-1): ნეტო; რიჩარდსი, როდრიგესი, ბასანტა, პასკუალი; კურტიჩი, პიზარო, აკვილანი; დიამანტი, ილიჩიჩი; ჯილარდინო

მსაჯი: ჯერვაზონი

"პარმა" - "ნაპოლი"

თარიღი: 10 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: პარმა, "ენიო ტარდინი"

ქვედა ლიგაში ოფიციალურად ამ დროისთვის მხოლოდ ერთი გუნდია გავარდნილი და ეს გუნდი "პარმაა". პარმეზანელები ამჯერად საკუთარ კედლებში "ნაპოლის" დაუხვდებიან, რომელიც მეოთხე ადგილზეა. რაფა ბენიტესის გუნდს სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს, თუმცა არცთუ დიდი. სამაგიეროდ, ნეაპოლიტანელები ზურგს უკან კონკურენტთა სუნთქვასაც კარგად გრძნობენ და "ენიო ტარდინიზე" ფეხის დაცდენა შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

"პარმა" (3-5-2): მირანტე; მენდესი, კოსტა, ფედალი; ვარელა, მაური, ხორკერა, ნოჩერინო, გობი; გეძალი, კოდა

"ნაპოლი" (4-2-3-1): ანდუხარი; ენრიკე, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ინლერი, გარგანო; გაბიადინი, ჰამშიკი, მერტენსი; ძაპატა

მსაჯი: ჯაკომელი

"ლაციო" - "ინტერი"

თარიღი: 10 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: რომი, "ოლიმპიკო"

რომში, "ლაციო" მილანის "ინტერს" უმასპინძლებს. სტეფანო პიოლის გუნდი მესამე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გაღწევა მეორე ადგილით სურს. ამის გასაკეთებლად მათ "ინტერის" ძლევაც დასჭირდებათ. რაც ადვილი საქმე მაინც არ უნდა იყოს. "ინტერნაციონალე" ბოლო დროს ფერზე მოვიდა და ახლა ევროპის ლიგაზე გასვლის იმედიც გაჩენილი აქვს. რა გამოუვა ამ საქმიდან რობერტო მანჩინის გუნდს ამას დრო გვიჩვენებს. ისე კი "სტადიო ოლიმპიკოზე" საინტერესო და სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლაციო" (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; ბილია, პაროლო; კანდრევა, მაური, ანდერსონი; კლოზე

"ინტერი" (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გუარინი, მედელი, გნუკური; ერნანესი; იკარდი, პალასიო

მსაჯი: მასა

"ჯენოა" - "ტორინო"

თარიღი: 11 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: გენუა, "მარასი"

XXXV ტური ორშაბათს, 11 მაისს, "ჯენოა" - "ტორინოს" მატჩით დაიხურება. ორივე გუნდი წარმატებულ სეზონს ატარებს და ბევრისთვის გასაკვირად ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. განსაკუთრებით ეს ლიგურიელებზე ითქმის, რომლებიც მეტოქეს ორი ქულით უსწრებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

"ჯენოა" (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, რინკონი, ბერტოლაჩი, ბერგდიხი; იაგო ფალკე, ბორიელო, ნიანგი

"ტორინო" (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, ვივესი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; მაქსი ლოპესი, კვალიარელა

მსაჯი: ორსატო

თეგებისერია A
0.11386