ფეხბურთი

21:13 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ვიტ ჯორჯიას” შანსი შემცირდა

მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” საქართველოს უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის მატჩში ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლა. თენგიზ კობიაშვილის გუნდი შინ დამარცხდა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეუმცირდა.

თამაში უინტერესო გამოვიდა. მას მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე უშინაარსო შეხვედრაც ეთქმის. გულშემატკივართა რაოდენობაც კარგად ასახავდა თამაშის ხარისხს.

პირველი ტაიმთან შედარებით მეორე ნახევარი უკეთესი გამოვიდა. პირველ 45 წუთში რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა, თუმცა შეიძლება რამდენიმე ეპიზოდის გამოყოფა.

“ვიტ ჯორჯიას” შეტევისას სტუმართა საჯარიმოსთან ახლოს ლევან საბაძე დავით ხოჭოლავამ წააქცია. სტანდარტული გახარიამ და მაისურაძემ გაითამაშეს, ამ უკანასკნელმა შორეული ძელისკენ სახიფათოდ ჩააწოდა ბურთი, თუმცა თანაგუნდელი ვერ შესწვდა.

რამდენიმე წუთში მაისურაძემ კვლავ ჩააწოდა “შუქურას” საჯარიმოში, იქ კი არეულობა მოხდა და საბოლოოდ ბურთი საჯარიმოდან გიორგი გურულმა გამოიტანა, რომელიც ამჯერად ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა და შესაძლოა ამიტომაც “შუქურა” შეტევისას არც თუ ისე აქტიური იყო, რასაც ჩელებაძის არყოფნაც ემატებოდა.

ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში ნიჭიერი მწვრთნელები გამოჩნდნენ, რომელთა გუნდები გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებენ. გელა სანაიაც მათ თაობას მიეკუთვნება, მაგრამ პერსპექტიულ მწვრთნელად ძნელია მიიჩნიო, როდესაც მის გუნდს მეტოქის ნახევარზე 3-4 ზუსტი პასის გაკეთება უჭირს. მისი გუნდი ვერ პროგრესირებს და ერთფეროვან ფეხბურთს თამაშობს.

პირველ ტაიმში იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც აჭარლებმა სწრაფი შეტევა განავითარეს: ხოჭოლავა-კუხიანიძე-კოპალიანის კომბინაციას მეტრეველის მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლა მოჰყვა, თუმცა “შუქურას” ფორვარდი თამაშგარეში აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კახაბრიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დარჩენილ ლობჯანიძეს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ფორვარდმა თავით თამაშს ფეხით თამაში არჩია და შანსი ვერ გამოიყენა. ამ მომენტში უმჯობესი იქნებოდა თავით ეთამაშა.

რამდენიმე წუთში გახარიამ მეტოქის საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა კარისკენ, თუმცა მცირე მანძილით ააცილა.

70-ე წუთზე მატჩის საუკეთესო ეპიზოდი დაფიქსირდა. მარჯვენა ფლანგზე ტვილდიანი ეფექტურად გაცდა მეტოქის ორი ფეხბურთს, ერთ მათგანს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ მეტრეველი დაინახა. ტვილდიანის პასს მეტრეველის დარტყმა მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა.

მატჩის დარჩენილ დროში “ვიტ ჯორჯია” ბევრს ეცადა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა, თუ არ ჩავთვლით დავლაშელიძის დარტყმას, რომელიც კაკალაძემ ნახტომში “ცხრიანიდან” მოიგერია.

ვიტ ჯორჯია – შუქურა 0:1 (0:0)

8 მაისი, მცხეთა, “მცხეთა-პარკი.”

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია (ხვისტანი 78), დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია, დემეტრაშვილი (კურდღელაშვილი 60), კახაბრიშვილი, ლობჯანიძე.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი

შუქურა: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, პუკანიჩი, ტუღუში (ჩაფიძე 64), ხუჭუა (ტაკიძე 85), მეტრეველი, კოპალიანი (ვიქტორ ნუნიესი 46).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია

გოლი: 0:1 მეტრეველი (ტვილდიანის პასი 70)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

გაფრთხილება: ხუჭუა (85), კაკალაძე (90+5)

0.121284