ფეხბურთი

18:34 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "მილანი" გამართული მანქანა იყო, ახლა კი მანქანაც აღარაა"

ახლო წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "გაძეტა დელო სპორტის" ტელეარხთან ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის თქმით, თუ სილვიო ბერლუსკონი "მილანს" გაასხვისებს, გუნდი აუცილებლად კარგ ხელში უნდა მოხვდეს, რომ "როსონერიმ" თავისი ძველი დიდება ისევ დაიბრუნოს.

გატუზომ ამ თემის გარდა, სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია "მილანში" ახალი ხელმძღვანელობა მოვიდეს. როცა ბერლუსკონი კლუბს დატოვებს, იმედია ის კარგი პატრონის ხელში აღმოჩნდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "მილანი" მსოფლიო დონის გუნდია.

მიმდინარე სეზონში "მილანს" გამთამაშებელი არ ჰყოლია. თითქოს ეს ფუნქცია მონტოლივოს უნდა შეესრულებინა, თუმცა... როდესაც მე ვთამაშობდი, "მილანი" საოცრად გამართული მანქანა იყო, მაგრამ ახლა მანქანას საერთოდ ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, "როსონერი" თავის სიმაღლეს მალე დაუბრუნდება.

სტეფანო სტურარო მე მგავს? - ჩემი აზრით, ძალიან დიდი მომავალი აქვს, თუმცა ჩემი სტილის ფეხბურთელი არაა. მე უფრო მეტად რეჯა ნაინგოლანი მგავს, მაგრამ მასზე გაცილებით სწრაფი ვიყავი.

ახალი წინადადებები? - არ ვიცი. ჯერჯერობით არაფერია. მინდა, რომ დიდი მწვრთნელი გავხდე. ამ ეტაპზე უცხოეთში მუშაობა მირჩევნია", - განაცხადა გატუზომ.

ჯენარო გატუზოს "მილანში" კარიერის საუკეთესო წლები გაუტარებია. მას შავ-წითელთა რიგებში 1999-2012 წლებში უთამაშია და სერია A-ში 335 მატჩში 9 გოლიც გაუტანია.

სამწვრთნელო კარიერა კი მან 2013 წელს დაიწყო და დღემდე შვეიცარიული "სიონი", იტალიური "პალერმო" და ბერძნული "ოფი" გაუწვრთნია, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერსად მიაღწია.

0.118631