კალათბურთი

15:33 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პულენი საქართველოს ნაკრებს უბრუნდება
ევრობასკეტ-2015-ზე “ენელ ბრინდისის” ამერიკელ გამთამაშებელთან ერთად

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ამერიკელი ჯეიკობ პულენიც დაიცავს. აღნიშნულის შესახებ ცნობას ფიბა-ევროპას ოფიციალური ვებ-გვერდიც ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნატურალიზებულმა უკანახაზელმა საქართველოს ნაკრებში 2013 წლის ევროპირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშა და გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლაშიც დაეხმარა. მაშინ ჯეიკობის საშუალო მონაგარი 16.4 ქულა და 2.9 პასი იყო, ქართველ ქომაგს კი აუცილებლად უნდა ახსოვდეს ამერიკელის მიერ ლატვიასთან ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანი, რომელმაც ჩვენებს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ დრამატულ მატჩში გამარჯვება მოუტანა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის, რომელიც სლოვენიაში შედგა, უფრო გამოცდილი რიკი ჰიკმანს უხმო. ის თელ-ავივის “მაკაბიში” ნამდვილად სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა, საქართველოს ნაკრებში, ალბათ, იმდენი ვერ გააკეთა, რასაც მისგან ელოდნენ.

პულენმა მიმდინარე სეზონი ესპანურ “სევილიაში” დაიწყო და ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 10.2 ქულას და 1.8 პასს აგროვებდა, ევროთასზე კი უკეთესად ირჯებოდა: 14.0 ქულა, 3.7 პასი. ნოემბერში ჯეიკობმა იტალიურ “ენელ ბრინდისის” მიაშურა და იქაც, მყის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

1.83 მ. სიმაღლის გამთამაშებელი ევროჩელენჯზე საშუალოდ 14.2 ქულას (სამქულიანები 42%) და 3.7 პასს აგროვებდა და იტალიელებს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც ისინი მომავალ ჩემპიონ ფრანგულ “ნანტერთან” დამარცხდნენ.

პულენს მსგავსი მაჩვენებლები აქვს სერია ა-შიც – საშუალოდ 14.1 ქულა და 3.3 პასი, მისი კლუბი კი რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მე-6 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს.

ცნობისთვის, ამერიკელ მცველს კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი მაშინ ჰქონდა, როდესაც კატალონიურ ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ეს, 2013-14 წლების სეზონში მოხდა და მაშინ პულენი ისტორიული შედეგის ავტორიც გახდა. მან “ვალიადოლიდთან” სტუმრად გამართულ მატჩში 12 სამქულიანი ჩააგდო და ლეგენდარული ოსკარ შმიდტის შედეგი გააუმჯობესა.

პულენის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა:

"დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ ჯეიკობ პულენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ევროპის ჩმპიონატზე დაიცავს. ის საქართელოს ნაკრებში 3 წლის წინაც თამაშობდა და გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია. იმედი მაქვს, ჯეიკობი არანაკლებ წარმატებით ითამაშებს მომავალ ევრობასკეტზეც და ჩვენს გუნდს სოლიდური შედეგის მიღწევაში დაეხმარება. პულენი კარგი გამთამაშებელი და მექულეა. მას ადაპტაციის გავლა აღარ დასჭირდება და იმედია, ისე ითამაშებს, როგორც მისგან ნაკრების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ელიან“.

ჯეიკობი საქართველოს ნაკრებს თბილისში 13 ივლისს შეუერთდება, როდესაც გუნდი სამედიცინო შემოწმებას

გაივლის, 24 ივლისიდან კი კალათბურთელები პირველი უცხოური შეკრებისთვის სლოვენიას მიაშურებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს ევრობასკეტამდე არაერთი საკონტროლო მატჩი ელით, ქართველ გულშემატკივარს კი პულენის და გუნდის სხვა წევრების ხილვის საშუალება თბილისის ტურნირზე მიეცემა, რომელიც 12-14 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი, ჩვენებურთა მეტოქეები კი იტალია, ლატვია და ესტონეთი იქნებიან.

უშუალოდ ევროპის ჩემპიონატი 5-20 სექტემბერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრებს თამაში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მოუწევს, სადაც C ჯგუფში მასპინძელთა გარდა, სლოვენიის, მაკედონიის, საბერძნეთის და ჰოლანდიიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდება.

0.153112