ჭადრაკი

23:45 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა ევროპის ჩემპიონია!
ქართველთა მედლები სენიორთა პირველობიდან

სენიორთა შორის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ სტურუა (2536) ამჯერად ევროპის პირველობის გამარჯვებული გახდა.

კონტინენტურ ტურნირს ბერძნულმა ერეთრიამ უმასპინძლა და ქართველმა მოჭადრაკემ ჩინებული შედეგი აჩვენა. 50+ ასაკის მონაწილეთა შორის სტურუამ 6 პარტია მოიგო, 3 კი ფრედ დაასრულა და 7.5 ქულით პირველი ადგილი არავის დაუთმო. ამავე კატეგორიაში 4.5 ქულით მე-20 შედეგი აჩვენა ციალა ქასოშვილმა, ქალთა შორის კი ის მე-3 გახლდათ.

65 წელს გადაცილებულ მოჭადრაკეთა შორის ოქროს მედალი არავის დაუთმო ბელგიელმა იან როოზემ (2281), რომელმაც ასევე 7.5 ქულა მოაგროვა და ბელარუს ვიკტორ კუპრეიჩიკს (2373) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ამ უკანასკნელმა ბოლო ტურში ნონა გაფრინდაშვილი (2302) დაამარცხა, რომელიც 5.5 ქულით მე-5 პოზიციას დასჯერდა. რაც შეეხება თამარ ხმიადაშვილს (2043), მას 4.5 ქულით 27-ე საფეხური ერგო. ქალებში გაფრინდაშვილმა პირველობა არავის დაუთმო, ხმიადაშვილს კი ვერცხლის მედალი გადაეცა.

0.127787