კალათბურთი

23:06 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიონისპირელებმა სტატუსკვო აღადგინეს

საინტერესო და დაძაბული გამოდგა პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა ქუთაისში, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,ბათუმს“ უმასპინძლა. გუშინდელ მატჩში ზღვისპირლებმა იმარჯვეს, ამიტომ ქუთათურებს უკანდასახევი გზა პრაქტიკულად აღარ ჰქონდათ.

შეხვედრის დასაწყისი წინა დღის მსგავსი გამოდგა. მატჩის დებიუტში თანაბარი თამაშის შემდეგ რიონისპირელებმა უპირატესობა მოიპოვეს. ზაურ ფაშაევის, დავით ბარბაქაძისა და აბდულა ნდოეს მცდელობის შედეგად ისინი 9 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ზედ საფინალო სირენის წინ იანგმა ზუსტი სამქულიანი ტყორცნით სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა - 22: 16.

შეხვედრის მეორე პერიოდიც იგივე სცენარით გაგრძელდა. მართალია აჭარლები მცდელობას არ აკლებდნენ, მაგრამ სხვაობის შემცირებას ვერ ახერხებდნენ. მეოთხედის ბოლოს პატარა სასწაულიც ვიხილეთ. დამთავრებამდე 6 წამით ადრე ბურთი თამაშში სტუმრებმა შეიყვანეს და საბოლოო შეტევისთვის იგი იანგს გადასცეს, რომლის სროლა არაზუსტი გამოდგა. რგოლიდან ასხლეტილ ბურთს ფაშაევი დაეუფლა და ცალი ხელით მეტოქის ფარისკენ ჯადო ტყორცნა განახორციელა. საფინალო სირენის თანხლებით ბურთი პირდაპირ კალათში ჩაეშვა. ფეხზე ამდგარმა მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაცია მოუწყო აზერბაიჯანელ ლეგიონერს.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება ზღვისპირლები მეტი მონდომებით ათამაშდნენ და ამერიკელთა ტრიოს იანგი- კელოგი-ფელჩერის აქტიურობის შედეგად მესამე პერიოდის ბოლოს სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს - 65:61.

შეხვედრის დასკვნითი მეოთხედიც აჭარელთა უპირატესობით დაიწყო. იანგმა ზედიზედ 5 ქულა მოიპოვა და მალე ანგარიშიც გათანაბრდა - 66:66. ამ მომენტში ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავი ქუთათურთა ლიდერებმა. მათ მეტოქეს 8:0 გაქცევა მოუწყვეს და მატჩის ბოლოს უკვე 11 ქულიანი სხვაობით იგებდნენ - 80:69.

ამ დროს მცირე ინციდენტი მოხდა. შეხვედრის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე ბურთი მასპინძლებს ჰქონდათ და საფინალო სირენის მოლოდინში მშვიდად ათამაშებდნენ. უკანასკნელ ხანს კალათბურთში დამკვიდრებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ იანგმა ბურთი მეტოქეს წაართვა, რასაც ქუთათურთა მხრიდან ტექნიკური ჯარიმა მოჰყვა. იანგმა ორივე საჯარიმო გამოიყენა. გვერდითი ხაზიდან ბურთის შემოტანის შემდეგ კი ზუსტი სამქულიანი ტყორცნით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 80:74.

ამერიკელი ლეგიონერის ქმედებამ მაყურებელთა მძაფრი რეაქცია გამოიწვია, თუმცა სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ ყველაფერი მალევე ჩამთავრდა.

ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი მხოლოდ დავით ბარბაქაძეს ჰქონდა. მან 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 21 მოხსნა დაუგროვდა ფელჩერს, რომელსაც სულ ერთი ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

მედეა მხეიძე (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე): ,,გუშინდელზე ბევრად უკეთ ვითამაშეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. ვულოცავ ბიჭებს ამ გამარჯვებას.“

დავით უსტიაშვილი (,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,როგორც გუშინ ვთქვი ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავს . დაველოდოთ მომდევნო თამაშებს.“

,,ქუთაისი-2010’’ - ,,ბათუმი’’ 80:74 (22:16, 25:21, 18:24, 15:13)

სერიის ანგარიში 1:1

0.155429