ჭადრაკი

14:28 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა ლიდერობას ინარჩუნებს

ბერძნულ ერეთრიაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში, 7 ტურის თავზე, 50+ ასაკის მქონეთა შეჯიბრში, პირველობას ინარჩუნებს გასული პირველობის გამარჯვებული ზურაბ სტურუა (2536).

ქართველმა მოჭადრაკემ ინგლისელ კეიტ არკეტს (2493) თეთრი ფიგურებით სძლია და თავი 6.0 ქულას მოუყარა. სტურუას უახლოესი მდევარი კიდევ ერთი ინგლისელი ჯონ ნანია (2601) 5.5 ქულით. ბოლოსწინა მე-8 ტურში ზურაბი შავი ფიგურებით სლოვაკ პეტერ პეტრანს (2362) ეთამაშება. ამავე ტურნირში 4.5 ქულით მე-8 ადგილი უკავია ციალა ქასოშვილს (2179), რომელიც თეთრებით პორტუგალიელ ანტონიო ფერნანდესს (2369) დაუზავდა.

65+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის 5.0 ქულით მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა ნონა გაფრინდაშვილმა (2302), რომელმაც თეთრი ფიგურებით იან როდე პედერსენს (დანია, 2208) სძლია. რაც შეეხება მსოფლიოს და ევროპის პირველობების მრავალგზის ჩემპიონ და პრიზიორ თამარ ხმიადაშვილს (2043), მას 3.0 ქულა აქვს და ჯერჯერობით, მხოლოდ 31-ეა. მე-7 ტურში თამარი შავებით შოტლანდიელ ალისტერ უაიტთან (2058) დამარცხდა. ამ კატეგორიაში 6.0 ქულით ბელგიელი იან როოზი (2281) ლიდერობს.

0.119216