ფეხბურთი

22:40 | 5.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “ფედერაციამ და სამინისტრომ დროულად უნდა იმოქმედონ”

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქართულ ფეხბურთში მოღვაწე პირთა დაკავების ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობა სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

“დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება ფეხბურთის ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ. ესეთი ლაქა სპორტისთვის ძალიან ცუდია და უნდა შევქმნათ სპეციალური სფერო, რომ ერთდროულად აღიკვეთოს ესეთი მოვლენები” – განაცხადა “მაესტროსთან” საუბარში სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამაშების “ჩაწყობის” ბრალდებით საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი სელექციონერი დავით გენძეხაძე დააკავა. ამ ფაქტთან დაკავშირებით “ჩიხურას” დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ “მაესტროსთან” საუბარში შემდეგი რამ განაცხადა:

“კარგი იქნება თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებენ თანამშრომლობას და დაინტერესდებიან უმაღლეს ლიგაში ჩატარებული ბევრი მატჩით, რომელთა გარკვეული ნაწილი უეფამაც კი მიიჩნია საეჭვოდ”- აღნიშნა საჩხერის “ჩიხურას” დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, რომლის თქმით, გენძეხაძე კლუბში 2012 წლიდან აღარ მუშაობს.

გენძეხაძის მსგავსად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, დაკავებულთა შორისაა “სტუ თბილისის” პრეზიდენტი ოთარ შენგელია, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის დეპარტამენტში სტუ-ს გუნდთან შენგელიას კავშირს უარყოფენ:

“ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდთან შენგელიას არავითარი კავშირი არ ჰქონია. ჩვენ 2012 წლიდან ვმონაწილეობთ პირველ ლიგაში და ჩვენს გუნდს შენგელიასთან კავშირი არც მაშინ და არც მას შემდეგ ჰქონია” – აღნიშნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი კულდინაშვილმა “მაესტროსთან” საუბარში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩაწყობილ თამაშებში მონაწილე პირთა დაკავების შემთხვევები აქამდეც ყოფილა, ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ დღევანდელი ფაქტი პრევენციად გამოდგება.

“ეს იქნება პრევენცია, რომ მომავალში მსგავსი ტიპის ფაქტები აღარ მოხდეს. ქართულ ფეხბურთში ჩართული პირები მიხვდებიან, რომ მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორეს “ – აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა დიმიტრი ბოკერიამ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე დააკავა: ოთარ შენგელია, დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის ibcbet-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, ხარაგაულის “ჩხერიმელას” მოქმედი ფეხბურთელები გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი –იოსებ გ, და გიორგი კ.

0.116609