უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება კულმინაციას უახლოვდება. სამშაბათს და ოთხშაბათს ნახევარფინალის პირველი რაუნდის შეხვედრები გაიმართება. ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალს”, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.
“მსოფლიო სპორტმა” აქამდე მერვედფინალებისა და მეოთხედფინალური მატჩების წინ წარმოგიდგინათ შესაბამისი ეტაპის უკვე გამართული გამორჩეული და საინტერესო თამაშები. დღეს კი ნახევარფინალური შეხვედრებს წარმოგიდგენთ.
გამორჩეული მატჩები შერჩეულია 2001-2002 წლების სეზონიდან მოყოლებული და მასში ერთი სეზონიდან მხოლოდ ერთი მატჩია წარმოდგენილი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლევერკუზენი" 3:3 (2:2, 1:1 - 2001-2002 წლების სეზონი, "ლევერკუზენი შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა)
ამ დაპირისპირების ფავორიტად ადვილი გამოსაცნობია, რომ ინგლისური გრანდი მიიჩნეოდა. გერმანელებს კი სათვალავში არავინ აგდებდა, რადგან კლაუს ტოპმიოლერის გუნდისთვის ოთხეულში მოხვედრაც დიდი პატივი გახლდათ. თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ პირველივე რაუნდში გამოჩნდა, რომ "ფარმაცევტები" ადვილად არაფერს დათმობდნენ. ბორის ჟივკოვიჩის ავტოგოლით ტაიმი "მანიუმ" მოიგო. მეორე ტაიმი კი სტუმრების გამოდგა - რუდდ ვან ნისტელროის ერთ გოლს მიხაელ ბალაკმა და ოლივერ ნოივილმა ორით უპასუხეს და შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
6 დღის შემდეგაც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. "ბაი არენაზე" ისევ "იუნაიტედი" დაწინაურდა - როი კინმა 28-ე წუთზე მანკუნიანელები ფინალის გზაზე დააყენა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე ნოივილმა თავის გუნდისთვის სასურველი ანგარიში დააფიქსირა, რომელიც მეორე ნახევარში უცვლელი დარჩა და სერ ალექს ფერგიუსონის ოცნება ჩემპიონთა ლიგის გლაზგოში მოგების შესახებ აუხდენელი დარჩა.
“რეალი” - "იუვენტუსი" 3:4 (1:2, 3:1 – 2002-2003 წლების სეზონი)
მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსთან” დაწყვილებისას სპეციალისტთა მიერ ფავორიტად განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მანჩესტერის საგზური იტალიურ გრანდს ერგო. პირველ მატჩს “სანტიაგო ბერნაბეუმ” უმასპინძლა, რომელიც “გალაქტიკოსმა” 2:1 მოგო. ბრაზილიელი ვარსკვლავების, რონალდოსა და რობერტო კარლოსის გოლებს შორის ფრანგმა დავიდ ტრეზეგემაც გაიტანა.
განმეორებითი მატჩი კი “იუვენტუსმა” აღმაფრენით ჩაატარა – შეხვედრას არც ლამაზი ეპიზოდები, ლამაზი გოლები, დრამატიზმი და დაძაბულობა მოჰკლებია. მარჩელო ლიპის ბიჭებმა მადრიდელებს ერთბრუთიანი ჩამორჩენა პირველივე ტაიმში გაუბათილეს. ტრეზეგემ ანგარიში გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს ალესანდრო დელ პიერომ ფერნანდო იეროსა და მიჩელ სალგადოს თავგზა მარტივად აუბნია და იკერ კასილიასს ახლო კუთხეში გაუტანა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს თამაშში დაბრუნების შანსი მეორე ტაიმში მიეცა, თუმცა პორტუგალიელ ლუიშ ფიგუს ჯანლუიჯი ბუფონმა თერთმემეტრიანი არ გაატანინა. სულ მალე პაველ ნედვედმა ტურინელთა კონტრშეტევა მოხდენილი გოლით დაასრულა. ექს იუვენტუსელი ზინედინ ზიდანის გოლით მხოლოდ ანგარიში შეიცვალა, ფინალში თამაშის უფლება კი “იუვემ” მოიპოვა.
“მილანი” – “პსვ ეინდჰოვენი” 3:3 (2:0, 1:3 – 2004-2005 წლების სეზონი)
2004-2005 წლების სეზონში გულშემატკივრებს საოცარი თამაშები უსახსოვრეს იტალიურმა "მილანმა" და ჰოლანდიურმა "ეინდჰოვენმა". დაპირისპირებების წინ იტალიური გრანდი უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, პსვ-გან კი ნახევარფინალში გაღწევაც უკვე დიდ მიღწევად მიიჩნეოდა. პირველ მატჩს ლომბრადიის დედაქალაქმა უმასპინძლა და მასპინძლებმა იგი ანდრეი შევჩენკოსა და იონ დალ ტომასონის გოლებით ისეთი ანგარიშით მოიგეს, რომელმაც მათი უპირობო ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა.
"ფილიპს არენაზე" კი ჰოლანდიურმა გუნდმა საფეხბურთო სამყარო გააოცა - პარკ ჯი სუნგისა და ფილიპ კოკუს გოლებით ორბურთიანი ჩამორჩენა 65-ე წუთისთვის გაბათილდა. მატჩი თითქოს დამატებით დროში უნდა გადასულიყო, როცა მასიმო ამბროზინიმ თეთრ- წითლების საფინალო ოცნებას ცივი წყალი გადაასხა. მართალია ერთი წუთის შემდეგ კოკუმ დუბლი გაიფორმა, მაგრამ ამით მხოლოდ ანგარიში შეცვალა და სტამბულის საგზურიც "მილანს" ერგო. მიუხედავად ამისა, "ეინდჰოვენმა" იმ დღეს ბევრი სპეციალისტის ქება და დიდება დაიმსახურა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მილანი" 3:5 (3:2, 0:3 - 2006-2007 წლების სეზონი)
ორი წლის შემდეგ ყურადღების ცენტრში ისევ "მილანი" მოხვდა. ამჯერად "როსონერის" მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" გახლდათ. 2007 წლის 24 აპრილს გამართული მატჩი სტუმარი კაკას ბენეფისად გადაიქცა, რომელსაც მაჩესტერელმა მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბრაზილიელის ის გოლი გამოდგა, რომლის დროსაც პატრის ევრა და გაბრიელ ჰაინცე ერთმანეთს დაეჯახნენ. და მაინც, იმ დღეს ალექს ფერგიუსონის გუნდმა კაკას დუბლს უეინ რუნის დუბლითა და კრიშტიანუ რონალდუს გოლით უპასუხა და იტალიაში ჩასვლის წინ ერთბურთიანი უპირატესობა შეიქმნა.
ერთი კვირის თავზე კი "მილანმა" გასაოცარი ფეხბურთი აჩვენა. ძლიერი წვიმის ფონზე "როსონერიმ" "წითელი ეშმაკები" ყველა კომპონენტში დაჩაგრა და და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. კაკა ამჯერად ერთ გოლს დასჯერდა. მის გარდა თავის გამოჩენა კლარენს ზეედორფმა და ალბერტო ჯილარდინომაც მოახერხეს.
"ლივერპული" - "ჩელსი" 3:4 (1:1, 2:3 დ.დ - 2007-2008 წლების სეზონი)
ერთი წლის თავზე გამორჩეული გამოდგა ინგლისური დერბი, რომელშიც "ლივერპული" და "ჩელსი" დაუპირისპირდნენ. პირველ მატჩს "ენფილდ როუდმა" უმასპინძლა და გამარჯვებული ვერ გამოავლინა. დირკ კუიტის ტაიმის მიწურულს გატანილ გოლს მისსავე თანაგუნდელმა იონ არნე რიისემ მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში უპასუხა, ოღონდ ნორვეგიელმა საკუთარი კარი დალაშქრა.
"სტემფორდ ბრიჯზეც" ანალოგიური შედეგი და ანგარიში დაფიქსირდა - დიდიე დროგბას გოლი ფერნანდო ტორესმა გაქვითა. დამატებითი დრო კი უფრო შედეგიანი გამოდგა. მასპინძელთაგან ფრენკ ლამპარდმა პენალტით გაიტანა, ხოლო დროგბამ დუბლი შეასრულა. ჰოლანდიელმა რაიან ბაბელმა კი მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო. რაფაელ ბენიტესის გუნდს მეტის გასაკეთებლად უბრალოდ დრო აღარ ეყო.
"ბარსელონა" - "ჩელსი" 1:1 (0:0, 1:1 - 2008-2009 წლების სეზონი, "ბარსელონა" შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა)
კატალონიის "ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსის" კატალონიური ჯახი მშვიდობიანად, უგოლო ფრით დასრულდა და ყველაფრის გარკვევა ნისლიან ალბიონზე გადაიდო.
ერთი კვირის თავზე კი "სტემფორდ ბრიჯმა" ისეთ შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც დღესაც ბევრს დაობენ. განსაკუთრებით კი ლონდონური კლუბის ქომაგები და ძნელია მათ მდგომარეობაში არშესვლა. ნორვეგიელი მსაჯის, ტონ ჰენინგ ოვრებოს გადაწყვეტილებებმა "არისტოკრატები" იმ დღეს არაერთხელ დააზიანა. მიუხედავად ამისა, რომ არა ანდრეს ინიესტას მიერ თამაშის ბოლო წუთზე გატანილი მოხდენილი გოლი, რომის საგზურს მაინც "ჩელსი" მოიპოვებდა, რადგან მე-9 წუთზე მაიკლ ესიენის ულამაზესი გოლით "ჩელსი" დაწინაურებულიყო.
"ბაიერნი" - "რეალი" 3:3 (3:1, პენ) (2:1, 1:2 - 2011-2012 წლების სეზონი)
მიუნხენის "ბაიერნისა" და მადრიდის "რეალის" ურთიერთდაპირისპირებების ისტორიას 2012 წლის გაზაფხულზე კიდევ ორი გამორჩეული შეხვედრა შეემატა. "რეკორდმაისტერს" განსაკუთრებული მოტივაცია ამოძრავებდა, რადგან ფინალი მისთვის მშობლიურ არენაზე უნდა გამართულიყო, "რეალი" კი გადამწყვეტ შეხვედრაში გასვლას ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ცდილობდა. მიუნხენში მე-17 წუთზე ანგარიში ფრანკ რიბერიმ გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე თანამემამულეთა კარი მესუტ იოზილმა აიღო. "რეალი" სასურველ შედეგს თამაშის ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა, მანამ, სანამ მარიო გომესმა თავის გუნდს არ მოაგებინა.
მადრიდში კი "რეალმა" თამაში ერთობ აქტიურად დაიწყო და კრიშტიანუ რონალდუს დუბლით უკვე მე-14 წუთზე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. არიენ რობენმა ორი მატჩის ჯამში გათანაბრება პირველივე ტაიმში შეძლო. გუნდებს გოლები სათამაშო დროის დარჩენილ ნაწილში აღარ გაუტანიათ და ვერც დამატებით დროში ივარგეს. მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში კი გერმანელები უფრო ზუსტნი გამოდგნენ. ესპანლებმა ოთხიდან მხოლოდ ერთხელ გაიტანეს და "ალიანს არენაზე" თამაშის უფლება იუპ ჰაინკესის გუნდს ერგო.
"დორტმუნდი" - "რეალი" 4:3 (4:1, 0:2 - 2012-2013 წლების სეზონი)
მადრიდელებმა ერთი წლის მერე კიდევ ერთი ნახევარფინალი დათმეს, ისევ დრამატულად, და ამჯერადაც გერმანულ გუნდთან, ოღონდ არა "ბაიერნთან", არამედ "დორტმუნდთან". ორრაუნდიანი თამაშის ბედი მეტწილად პირველივე შეხვედრაში გადაწყდა და ამაში მთავარი დამნაშავე "ბორუსიას" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახლდათ, ვინაც იკერ კასილიასის კარი მაშინ ოთხჯერ დალაშქრა. "ბლანკოსმა" ლევანდოვსკის პოკერს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ერთი გოლით უპასუხა.
საპასუხო მატჩის წინ ბევრს ფინალისტის ვინაობა გარკვეული ეგონა, თუმცა "რეალის" ფეხბურთელები ასე სულაც არ ფიქრობდნენ. იურგენ კლოპის შეგირდები უდიდესი წნეხის მიუხედავად თავს მთელი თამაში კარგად იცავდნენ, მაგრამ ასე მხოლოდ 83-ე წუთამდე გრძელდებოდა. ამ წუთს კი ქარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა. ზუსტად 5 წუთში სერხიო რამოსმა მეორეც მიაყოლა. დარჩენილ დროში "რეალს" ფინალისთვის ერთი ბურთიც ჰყოფნიდა, რომლის გატანასთან ახლოსაც იყო, მაგრამ მათდა სამწუხაროდ ეს ერთი გოლი არ გავიდა.