მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ვარჯიში განაახლა და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრაში “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს. აღნიშნული ცნობა გერმანული გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
პოლონელმა ფორვარდმა დაზიანება გერმანიის თასზე “დორტმუნდთან” გამართულ მატჩში მიიღო. 26 წლის ფეხბურთელმა ყოფილი გუნდის მეკარესთან ლანგერაკთან შეჯახებისას, ტვინის შერყევა მიიღო და ზედა ყბა და ცხვირი გაიტეხა. ლევანდოვსკი “ბარსელონას” წინააღმდეგ დამცავი ნიღბით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება ოთხშაბათს 22:45 “ნოუ კამპზე” შედგება.