დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი დაიწყო. თბილისის სპორტის სასახლეში პირველად “შსს აკადემია” და “სოხუმი” გავიდნენ. მოგეხსენებათ, აკადემიელებმა რეგულარული პირველობა მეორე პოზიციაზე, ხოლო სოხუმელებმა მეშვიდეზე დაასრულეს. თუმცა პლეი ოფს თავისი კანონები აქვს და მაყურებელი საინტერესო ორთაბრძოლის მოლოდინით იყო. ამასთან, “სოხუმი” “შსს აკადემიისთვის” ტრადიციულად უხერხულ მეტოქედ ითვლება, რაც დღევანდელმა ასპარეზობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
კოტე ტუღუშის გუნდმა საწყისი სამი პერიოდი მოიგო, დასკვნით მეოთხედში კი ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა მათთვის დამახასიათებელი მებრძოლი თვისებები გამოავლინეს, დასკვნითი ათწუთეული 25:15 მოიგეს და საბოლოოდ 81:78 იმარჯვეს.
გამარჯვებულთაგან განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი ირაკლი ჩლაიძე და გუნდის ლეგიონერი პელე პაელეა. პირველმა მათგანმა პარკეტზე 40 სათამაშო წუთი სრულად დაჰყო და 22 ქულას 4 მოხსნა მიამატა. აფრიკელის აქტივში კი 32 ქულა და 5 მოხსნაა. კარგად იმუშავა ფარზე გიორგი ჯგერენაიამ, რომელმაც ფარიდან ასხლეტილი ბურთი 16-ჯერ მოხსნა და ჯამში აკადემიელთა “მომხსნელებს” შარაბიძესა (9) და მეტრეველს (6) აჯობა. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო სოხუმელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ბექაურმა, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო საპლეიოფე მატჩებს გამოტოვებს.
“შსს აკადემია” – “სოხუმი” 78:81 (24:22, 20:19, 19:15, 15:25)
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): “მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. “სოხუმმა” 40 წუთის განმავლობაში იბრძოლა. ჩვენმა კალათბურთელებმა კი მატჩის ბედი გადაწყვეტილად ჩათვალეს და დაისაჯეს კიდეც. ბევრი შეცდომა დავუშვით. პლეი ოფში იოლი მეტოქე არაა, ხვალინდელი მატჩისთვის მთელი სერიოზულობით მოვემზადებით და რევანშისთვის ვიბრძოლებთ.”
ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “მადლობა მეტოქეს კარგი თამაშისთვის, მადლობა გულშემატკივარს, რომელთა შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მრავლად იყვნენ. მოგეხსენებათ, შარშან და წელსაც პრობლემები გვქონდა. ჩემი ბიჭების მჯერა და მათი იმედი მაქვს. ვთვლი, რომ დღევანდელი მატჩი ჩვენმა კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ პირადად მოიგო.”
ირაკლი ჩლაიძე (“სოხუმის” კაპიტანი): “პლეი ოფში ძლიერი მეტოქე შეგვხვდა, რომელიც მთლიანად სუპერლიგის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ პლეი ოფში ყველა მოწინააღმდეგე თანაბარია. ამ სერიისთვის დიდი ხანია ვემზადებით და შეიძლება ითქვას, მცირე სასწაულიც მოვახდინეთ. მადლობა ვაჟა კვარაცხელიას ჩემი თამაშის ესოდენ მაღალი შეფასებისთვის, თუმცა ვთვლი, რომ მატჩი მთლიანად გუნდმა მოიგო. ჩვენი ერთგული ქომაგების გახარებას მომდევნო პაექრობებშიც შევეცდებით”.