ჩოგბურთი

12:42 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა სარეიტინგო და სატურნირო სიახლეები

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიერ განახლებულ რეიტინგში 8 ქართველი გოგონა მოხვდა, რომელთაც სათავეში კვლავაც სოფო შაფათავა უდგას. ის 1 ადგილით დაქვეითდა და 186 ქულით 243-ე პოზიციაზე იმყოფება.

243 (242). სოფო შაფათავა – 186 ქულა; 328 (327). ეკატერინე გორგოძე – 110; 394 (393). სოფო ქვაცაბაია – 81; 562 (561). მარიამ ბოლქვაძე – 38; 653 (565). ოქსანა კალაშნიკოვა – 27; 877 (876). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1113 (1107). თამარ კუტუბიძე – 5; 1204 (1200). თამარ ჭალაგანიძე – 3.

მიმდინარე კვირაში ქართველ ჩოგბურთელთა აუმეტესობა საქმეში იქნება. შაფათავა ტუნისის ამავე სახელწოდების დედაქალაქში გახლავთ და 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

სლოვაკეთის დედაქალაქ ტრნავაში იმყოფებიან ოქსანა კალაშნიკოვა და ეკატერინე გორგოძე. 100-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მე-6 ნომრად განთესილმა გორგოძემ ჩეხ დიანა სუმოვასთან 3:6, 7:5, 2:6 წააგო, კალაშნიკოვამ კი ასევე ჩეხ კაროლინა სტუჩლას 7:5, 6:4 სძლია, შემდეგ კი პირველი განთესვის მქონე ხორვატ იანა ფეტთან 4:6, 6:4, 3:6 დამარცხდა.

წყვილებში გორგოძე და ჩეხი კატერინა ვანკოვა გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამს და სლოვაკ ლენკა იურიკოვას ეთამაშებიან, ხოლო კალაშნიკოვა და რუსი ევგენია როდინა სლოვაკებს – იანა ჩეპელოვას და ჩანტალ სკამლოვას დაუპირისპირდებიან.

ისრაელის ქალაქ აშქელონში 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში ფრანგ კლემენს ფაიოლთან პაექრობა ელის მე-4 ნომრად განთესილ მარიამ ბოლქვაძეს. წყვილებში ბოლქვაძეს და უნგრელ ნაომი ტოტკას პირველი განთესვა გააჩნიათ და თამაშს პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყებენ.

პოლონურ პუშჩიკოვოში ასევე 10-ათასიან ტურნირზე მე-3 განთესვა გააჩნია სოფო ქვაცაბაიას. მას საწყის წრეში “უაილდ ქარდის” მქონე პოლონელი ალეკსანდრა როიეკი ელის. ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში ასევე 10-ათასიანი ტურნირის ძირითადი ბადეში იასპარეზებს თამარ ჭალაგანიძე.

დასასრულ, ქართველ ვაჟებზეც ვთქვათ. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში, კერძოდ კი, აიქს ენ პროვენსში იმყოფება და 64-ათასევროიანი ჩელენჯერის პირველ წრეში ესპანელ დანიელ მუნოზ-დე ლა ნავას გაეჯიბრება.

რაც შეეხება ალექსანდრე მეტრეველს, ის თურქულ ანტალიაში, 10-ათასიან პირველობაზე ითამაშებს. ცნობისთვის, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში ბასილაშვილი 403 ქულით 136-ე ადგილზეა, ხოლო მეტრეველს 33 ქულით 684-ე პოზიცია უკავია.

0.120668