გიორგი შერმადინის “კანტუმ” იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში “პეზაროს” 83:67 სძლია და პლეი-ოფში თამაში, ფაქტობრივად, გაინაღდა.
კანტუელებმა 15 მარცხის წილ მე-14 გამარჯვება იზეიმეს და მე-7 ადგილზე იმყოფებიან. 18 ქულა აქვს “ბოლონიასაც”, “პისტოია” კი მათ 2 ქულით ჩამორჩება და იმედი თითქმის გადაწურული აქვს. დასკვნით ტურში, რომელიც 10 მაისს შედგება, “კანტუ” უმოტივაციო “ვირტუსს” ესტუმრება.
რაც შეეხება გასულ მატჩს, მასში შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18 წუთში 8 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს “ენელ ბრინდისის”, რომელშიც ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენი ირიცხება. ვინაიდან მომავალ ევრობასკეტზე მისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ფაქტობრივად გადაწყვეტილია, პულენის თამაშს ყურადღებას კვლავაც დავუთმობთ.
გუშინ, ჯეიკობის გუნდი ერთპიროვნულ ლიდერ “ემპორიო არმანის” დაუხვდა და 73:85 წააგო. პულენმა მოედანზე 32 წუთი გაატარა და 17 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. პულენმა 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
“ენელ ბრინდისი” 16 მოგებით და 13 მარცხით მე-6 ადგილზეა.