თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და “მურსიასთან” მარცხი განიცადა. ბასკური კლუბი ტურნირის პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის და ეს წაგება ნამდვილად მოულოდნელი იყო.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 24:50 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
მასპინძლებს 15 ქულით ფრანგმა ფაბიენ კოსიემ ულიდერა, ამერიკელებმა დარიუს ადამსმა და მაიკ ჯეიმსმა კი 13-13 ქულა ჩააგდეს.
“ლაბორალ კუჩამ” 17 მოგების წილ მე-14 მარცხი იგემა და მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა კი, მე-9 პოზიციაზე მყოფ “სარაგოსას” ერთადერთი მოგებით უსწრებს, ამდენად, მთავარი ბრძოლები ჯერაც წინაა.
შენგელიას კლუბს მომდევნო მატჩი 10 მაისს ელის, როდესაც “ესტუდიანტესს” ესტუმრება.