66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ახალ წონას ტურნირიდან ტურნირამდე უშინაურდება. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე ქართველი ძიუდოისტი 73 კილოგრამში განთესილ მონაწილეთა შორისაც ვერ მოხვდა, მაგრამ ყველა განთესილს და განუთესავს აჯობა – ექვსი შეხვედრა ჩაატარა, ექვსივეში იმარჯვა და ოქროს მედალთან ერთად 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ალბანელ იგლი რამოსაცაჟი წუთსა და 56 წამში გააკრა ტატამს, ჰოლანდიელი სემ ვან ვესტენდი – წუთსა და 36 წამში, მერვედფინალში გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვიქტორ სკვორტოვს მე-5 წუთზე შესრულებული იუკოთი სძლია. უკრაინელი არტემ ხომულა წუთსა და 24 წამში დასცა ბეჭებზე, ნახევარფინალში ფრანგ პიერ დუპრასაც იპონით გაუსწორდა, 3 წუთსა და 5 წამში. გადამწყვეტ ბრძოლაში კი მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს ოთხწუთნახევარში ორჯერ აუღო ვაზარი.
ახალ წონით კატეგორიაში დამკვიდრებას ცდილობს ზებედა რეხვიაშვილიც, რომელიც აქამდე 73 კილოგრამში გამოდიოდა. ზაგრებში კი 81-ის განაცხადში ჩაეწერა და საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში რეხვიაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. ჰოლანდიელ ნაელ ვან დე კამერსა და ლიბანელ ნაციფ ელიასს ვაზარ-იუკოთი სძლია, მეოთხედფინალში კი იტალიელ ანტონიო ჩიანოსთან იუკოს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, იპონით დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო. ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოს "ოქროს დროში”, მე-8 წუთზე შეუსრულა სუფთა გდება. "ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევთან უილეთო შეხვედრაში ორი შიდოთი წააგო - მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.
დღესვე, ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იჭიდავა: ფრიდონ გიგანმა (73 კგ), გიორგი პაპუნაშვილმა (81 კგ) და ესტერ სტამმა (70 კგ), მაგრამ სამივე საწყის ეტაპზე დამარცხდა და შესაბამისად, ტურნირსაც ბრინჯაოს შანსის გარეშე გამოეთიშნენ.
გიგანმა ტურნირი ხორვატი დენის ბეჩიჩის ორი ვაზარით ძლევით გახსნა. ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოსაც ვაზარით უგებდა, მაგრამ შებოჭვაზე მოჰყვა. პაპუნაშვილმა ესპანეთის სახელით მოჭიდავე შალვა ყალაბეგაშვილს იუკოებში 2:1 აჯობა, რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევთან კი ვეღარას გახდა.
ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნებულმა ესტერ სტამმაც ორი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა პირველ წრეში ბელგიელ როქსანე ტაიმანსს გაფრთხილებებით 3:0 სძლია. შემდეგ კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ პან ამერიკული ქვეყნების 3-გზის ჩემპიონს, კანადელ კელიტა ზუპანჩიჩს დაეჭიდა და ასევე უილეთო ბრძოლაში ორი შიდოთი წააგო.
ზაგრების გრან პრი ხვალ დასრულდება. საქართველოს სახელით კი ტატამზე გავლენ: ზვიად გოგოჭური (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე 100 კგ).
ძიუდო. გრან პრი. ზაგრები
2 მაისი
კაცები
73 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
3 საგი მუკი (ისრაელი)
81 კგ
1 სზაბოლც კრიჟანი (უნგრეთი)
2 ლასლო სოკნიაი (უნგრეთი)
3 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)
3 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)
5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
ქალები
63 კგ
1 ტინა ტრესტენიაკი (სლოვენია)
2 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)
3 იარდენ გერბი (ისრაელი)
3 ედვიგ გვენდი (იტალია)
70 კგ
1 ლინდა ბოლდერი (ისრაელი)
2 სალი კონვეი (ბრიტანეთი)
3 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)
3 კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა)