ფეხბურთი

20:07 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალის” გადამწყვეტი ორწუთიანი

სეზონის დასკვნით ფაზაში ორივე გუნდს განსხვავებული ამოცანები აქვს. “ცხინვალი” ეროვნული ჩემპიონატში მე-4 ადგილის დასაკავებლად იბრძვის, რამაც საბოლოდ შესაძლოა ევროთასების საგზური მოუტანოს. “სიონი” კი, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

“ცხინვალმა” გორიდან სამი ქულა წაიღო და გადამწყვეტი მეორე ტაიმის ორწუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, როდესაც სტუმრებმა ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით, კახა კაჭარავას შეგირდებმა მიჯრით მეხუთე თამაში მოიგეს.

მატჩის დაწყებიდან 10 წუთში მარჯვნიდან დაჩი ფოფხაძემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ვიეირა მედინამ თავით სახიფათოდ დაარტყა და გიორგი ნადირაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ცოტა ხანში, მარცხენა ფრთიდან ცხინვალელთა საჯარიმოში შეჭრილი გიორგი ჭანკოტაძე, ირაკლი ლექვთაძესა და ბაქარ ქარდავასთან ორთაბრძოლისას დროს წაიქცა, რის შემდეგ, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჯაბა უგულავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0.

“ცხინვალმა” ანგარიში მალე გაათანაბრა. სტუმართა კონტრშეტევის დროს მარჯვენა ფლანგზე მყოფმა გიორგი ივანიშვილმა მასპინძელთა საჯარიმოში ბიძინა მახარობლიძე მოძებნა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 1:1.

ტაიმის შუაწელში ჭანკოტაძემ მარცხნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეიწია და მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი მასპინძელთა მცველის ფეხიდან ცხინვალელთა კარის წინ მდგომ ვიერა მედინას მიუვიდა, მაგრამ პორტუგალიელს ნადირაძემ აუღო. თუმცა, რომ გაეტანა მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან გვერდითმა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა.

ამ ეპიზოდიდან დიდი ხანი არ გასულა, რომ ფოფხაძემ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი “ცხინვალის” საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას დავით საჯაიამ დაასწო და ახლოდან თავით არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდში ბოლნისელთა მარცხენაფლანგელს გიორგი ცერცვაძესთან შეჯახებისას თავი გაუტყდა და გიორგი გაფრინდაშვილმა შეცვალა.

ტაიმის მიწურულს ზვიად ლობჯანიძემ კარგ პოზიციაზე ბრაზილიელი არაუხო და სილვა გაიყვანა, რომელმაც დაარტყა და ბურთი ვასილ ბაჩიაშვილმა მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში შეცვლაზე შესულმა დათა სიჭინავამ ძლიერად დაარტყა და ცხინვალელთა ფეხბურთელის ფეხიდან “ცხრიანში” წასული ბურთი ნადირაძემ თავგანწირულ ნახტომში კუთხურზე უკუაგდო.

მცირე ხანში სიჭინავამ ისევ იაქტიურა და ცრუ მოძრაობით ერთი მეტოქის ჩამოცილების შემდეგ, საჯარიმოს გარედან უზუსტოდ გაისროლა.

შესვენების მერე “ცხინვალის” პირველი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. ივანიშვილმა მარცხენა ფლანგზე სიჩქარე აკრიფა და საჯარიმოში შესულმა კაჭარავა მოძებნა, რომელსაც ცარიელ კარში გატანა არ გაჭირვებია.

ორ წუთში თავი ივანიშვილმა გამოიჩინა, როდესაც ალექსანდრე გურეშიძე შეცდა და მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა ფორვარდმა “ცხინვალის” უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

“ცხინვალს” გატანა კიდევ შეეძლო, როდესაც სტუმართა მორიგი იერიშის დროს თორნიკე თარხნიშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ბურთი დაჩი ცნობილაძეს მოხვდა.

“სიონმა” ანგარიშში სხვაობა პენალტიდან შეამცირა, რომელიც მსაჯმა “ცხინვალის” ფეხბურთელის მიერ სიჭინავას წაქცევისთვის დანიშნა. უგულავამ თერთმეტმეტრიანი კვლავ გამოიყენა.

ივანიშვილმა, რომელიც “ცხინვალში” საუკეთესო იყო, ორ საგოლე პასისა და გოლის შემდეგ, პენალტიც “გამოიმუშავა”. ის მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ფოფხაძემ ვარდნაში წააქცია. თერთმეტმეტრიანი შინდაგორიძემ გაიტანა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, “ცხინვალს” წინ გასვლა კიდევ შეეძლო, მაგრამ კარგი პოზიციიდან მახარობლიძის დარტყმის შემდეგ, მირზა მერლანმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.

მატჩის ბოლო წუთზე სიჭინავამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთი კარში ისე გაეხვა, რომ ნადირაძე არც განძრეულა.

კახა კაჭარავა (“ცხინვალის” მთავარი მწვრთნელი): “ვიცოდი, რომ რთული თამაში იქნებოდა. 16 დღეში 5 მატჩის ჩატარება მოგვიწია. “სიონი” რთულ მდგომარეობაში იყო და ჩვენთან მატჩის მერე მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. მადლობა ბიჭებს განვლილი თამაშებისთვის. ფეხბურთელები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. დასვენებული რომ ყოფილიყვნენ გამარჯვება ალბათ უფრო გაგვიადვილდებოდა”.

სიონი (ბოლნისი) – ცხინვალი 3:4 (1:1)

1 მაისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

სიონი: მერლანი (კ), ალექსანდრე გურეშიძე, დაჩი ფოფხაძე, ცნობილაძე, დავით საჯაია (გაფრინდაშვილი, 36), ცხადაია, ჭანკოტაძე (ჭიკაიძე, 75), ზვიად ლობჯანიძე, უგულავა, არაუხო და სილვა (სიჭინავა, 46), ვიეირა მედინა.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

ცხინვალი: ნადირაძე (კ), კაჭკაჭიშვილი, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, ცერცვაძე, თარხნიშვილი, ქარდავა, ლექვთაძე (შინდაგორიძე, 55), გიორგი ივანიშვილი (ცაცკრიალაშვილი, 85), მახარობლიძე, ნიკა კაჭარავა (არაბული, 89).

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

გოლები: 1:0 უგულავა (14, პენ.), 1:1 მახარობლიძე (17), 1:2 კაჭარავა (53), 1:3 ივანიშვილი (55), 2:3 უგულავა (62, პენ.), 2:4 შინდაგორიძე (64, პენ.), 3:4 სიჭინავა (90+3).

გაფრთხილება: გურეშიძე (39), ცნობილაძე (67), ივანიშვილი (54), ქარდავა (57)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

0.110296