ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა გრან პრი დაიწყო. საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე არასრული, გადახალისებული შემადგენლობით გამოდის. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 1 მაისს საქმეში 10-კაციანი განაცხადის 2 წევრი ჩაერთო: 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი და თორნიკე თათარაშვილი, მაგრამ ორივე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.
მარგველაშვილი ხორვატიაში ეროვნული ნაკრების სამხრეთკორეული შეკრებიდან ჩავიდა, მაგრამ შეჯიბრებას ერთადერთი შეხვედრით გამოეთიშა – პირველსავე მეტოქესთან, გერმანელ სებასტიან სეიდლთან ორწუთნახევარში შებოჭვით დამარცხდა.
თორნიკე თათარაშვილმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, უკრაინის ნაკრების წევრ გიორგი ზანთარაიასთან წაგებით. ეს უკანასკნელი გრან პრიზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საბოლოოდ ჩემპიონიც გახდა. ფინალში კი მარგველაშვილის მძლეველ სეიდლს აჯობა.
ზანთარაიასთან დაპირისპირებამდე თათარაშვილმა არუბელი ჯაიმე მატა და სლოვენიელი ანდრაზ ჟერები ჩამოიშორა. რეპეშაჟში კი პირველსავე მეტოქესთან – ბრიტანელ ნათონ ბარნსთან დამარცხდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს და 48 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.
გუშინვე მედლები მამაკაცთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა, სადაც ყველას სომეხმა ჰოვანეს დავთიანმა აჯობა. ქალებში კი ჩემპიონ-პრიზიორები 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.
დღეს მედლების მორიგი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში – 63 და 70 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი კიმონოს ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (ორივე 73 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე 81 კგ) და ესტერ სტამი (70 კგ) მოირგებენ.
ძიუდო
გრან პრი
ზაგრები
1 მაისი
კაცები
60 კგ
1 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
2 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)
3 ხერლან განბოლდი (მონღოლეთი)
3 ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი)
66 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
2 სებასტიან სეიდლი (გერმანია)
3 გოლან პოლაკი (ისრაელი)
3 სინან სანდალი (თურქეთი)
7 თორნიკე თათარაშვილი (საქართველო)
ქალები
48 კგ
1 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)
2 ებრუ შაჰინი (თურქეთი)
3 ირინა დოლგოვა (რუსეთი)
3 ვალენტინა მოსკატი (იტალია)
52 კგ
1 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)
2 იულია რუჟოვა (რუსეთი)
3 დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
3 აგატა პერენცი (პოლონეთი)
57 კგ
1 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი
2 მარტი მალოი (აშშ)
3 იუანა მიულერი (გერმანია)
3 ტინა ზელტნერი (ავსტრია)