იტალიის სერია A-ს XXXIII ტურის დასკვნითი შეხვედრა ემპოლიში გაიმართა, სადაც ადგილობრივ გუნდს “ნაპოლი” ესტუმრა და შინ უქულოდ დაბრუნდა.
“კარლო კასტელანიზე” გამართული მატჩი გამორჩეული კურიოზული ავტოგოლებით გამოდგა და მისი ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა. ანგარიში მე-7 წუთზე მასიმო მაკარონემ გახსნა, ვინაც თავისი გუნდის ლამაზი სამსვლიანი კომბინაცია ლოგიკური შედეგით დაასრულა. ანტრაქტამდე მაურიციო სარის გუნდმა კიდევ ორჯერ იხეირა. 43-ე წუთზე მარიანო ანდუხარი ბურთის მოგერიებას ცდლობდა, როცა ტყავის სფერო თანაგუნდელ მიგელ ბრიტოსს თავში გაარტყა და ანგარიშის სხვაობაც გაიზარდა. ტაიმის ბოლო წუთზე კი რიკარდო საპონარამ აკრობატულ ნახტომში ლამაზი გოლით ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა.
მეორე ტაიმში ნეაპოლელებმა გაბრძოლება სცადეს, თუმცა ამ საქმიდან ნაკლებად გამოუვიდათ რამე. 64-ე წუთზე ბრიტოსის მსგავსი რამ “ემპოლელთა” მცველ ვინსენ ლაურინის შეემთხვა, იმ განსხვავებით, რომ მან თავის ნაცვლად ფეხით დალაშქრა საკუთარი კარი. 81-ე წუთზე კი ბრიტოსს და ლაურინის არც ესპანელი რაულ ალბიოლი ჩამორჩა და ანგარიში 4:1 გახადა, ოღონდ მეტოქე გუნდის სასარგებლოდ. შეხვედრას წერტილი მსაჯის კომპესირებულ პირველ წუთზე სლოვაკმა მარეკ ჰამშიკმა შორი მანძილიდან გატანილი გოლით დაუსვა, - 4:2. “ნაპოლიმ” ამ მარცხით სამეულში მოხვედრის საკითხი გაირთულა, რადგან მესამე ადგილოსან “რომას” ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე, ხუთი ქულით ჩამორჩა. “ემპოლის” კი სერია A-ში ადგილის ოფიციალურად შენარჩუნებამდე უკვე ერთადერთი ქულა აშორებს. ჩვენდა სამწუხაროდ, მატჩში მონაწილეობა არ მიუღია მასპინძელთა ქართველ ფორვარდ ლევან მჭედლიძეს, ვინაც 90 წუთი ამჯერადაც სათადარიგო სკამზე გაატარა.
“ემპოლი” – “ნაპოლი” 4:2 (3:0)
ემპოლი, “კარლო კასტელანი”
მაყურებელი: 9.000
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ლაურინი (მარიო რუი 79), ტონელი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო; საპონარა (ზიელინსკი 63); მაკარონე, პუჩიარელი (ვერდი 81)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, კულიბალი, ბრიტოსი, გულამი (ალბიოლი 52); გარგანო, ინლერი (გაბიადინი 72); კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი (ინსინიე 60); იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 1:0 მაკარონე (8), 2:0 ბრიტოსი (43, ა.გ), 3:0 საპონარა (45), 3:1 ლაურინი (64, ა.გ), 4:1 ალბიოლი (82, ა.გ), 4:2 ჰამშიკი (90)
გაფრთხილება: ლაურინი (16), ზიელინსკი (71), ვერდი (90) – გულამი (24), იგუაინი (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (4) – 14 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 3:2
მსაჯი: დავიდე მასა
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 18, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 15.