ჩოგბურთი

15:00 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი ტურნირები

ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 494 310 ევრო) წყვილთა თანრიგსაც გამოეთიშა.

ბასილაშვილი და თურქი ტუნა ალტუნა მე-3 რეიტინგის მქონე ავსტრალიურ-ბრაზილურ დუეტთან (კრის გუჩიონე-ანდრე სა) ფავორიტები არც ყოფილა და აკი, 3:6, 4:6 წააგეს.

მარცხი შეემთხვა ოქსანა კალაშნიკოვასაც, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე 250-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში დანკა კოვინიჩთან ერთად ირჯებოდა. ქართველი და მონტენეგროელი ჩოგბურთელები შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან და კატერინა სინიაკოვასთან 3:6, 6:3, 10:12 დამარცხდნენ.

მიმდინარე კვირაში ასპარეზობა დაასრულა თამარ ჭალაგანიძემაც. ეგვიპტური შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ქართველმა გოგონამ პირველ ნომრად განთესილ იტალიელ ანასტასია გრიმალსკასთან 3:6, 0:6 წააგო.

დასასრულ, გიორგი ცივაძეზეც ვთქვათ, რომელიც ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მასპინძელ დენის იევსეევთან 2:6, 1:6 დამარცხდა.

0.109414