“მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი, იტალიის სერია A-ში საკუთარ მოედანზე “ჯენოასთან” 1:3 მარცხის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ელის.
უკანასკნელი ოთხი თამაშიდან, გუნდმა ორი ფრედ დაასრულა, ორში მარცხი განიცადა და ევროთასების ზონაში მოხვედრის პრაქტიკული შანსი დაკარგა. 41 წლის სპეციალისტი ისედაც იყო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ზღვარზე, ამ მარცხმა კი, შესაძლოა გადაყენების პროცესი დააჩქაროს.
“ეს ფეხბურთია და ნებისმიერი მარცხის შემდეგ, მწვრთნელი ყოველთვის დგება გათავისუფლების რისკის ქვეშ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, მაგრამ ეს წარმატების მისაღწევად საკმარისი არაა. მეტს ველოდი და ცუდად ვითამაშეთ, რაც საჭირო შედეგის მისაღწევად საკმარისი არაა. ახლა ჩვენი მიზანი სეზონის ღირსეულად დასრულებაა. ტაქტიკაზე საუბარი არც ღირს, რადგან ბრძოლის ასეთი დონის ფონზე, სხვა ასპექტი აზრს კარგავს”, - განაცხადა ინძაგიმ Sky Sport Italia-სთან საუბარში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპოს დაკავებული თანამდებობიდან უახლოეს დღეებში დაითხოვენ და მის ადგილს ახალგაზრდული გუნდის თავკაცი კრისტიან ბროკი დაიკავებს. თავად მწვრთნელი აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხობს - “ხვალ გამოჩნდება”.