“ალმერიას” 3:0 დამარცხების შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმაკარლო ანჩელოტიმ ზემოთნახსენები გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელმაც მის გუნდს საჩემპიონო რბოლაში დარჩენის საშუალება მისცა.
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, “სამეფო კლუბი” მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება “ბარსელონას”. “რეალი” მომავალ ტურში, 2 მაისს “სევილიას” სტუმრად ეთამაშება, ხოლო 5 მაისს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი ელის ტურინში, ადგილობრივ “იუვენტუსთან”.
“დარწმუნებული არ ვართ, დაკარგავს თუ არა “ბარსელონა” ქულებს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ დარჩენილი თამაშების მოგება შეგვიძლია. ახლა სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან ყველა თამაშის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. “სევილიას” წინააღმდეგ უძლიერესი შემადგენლობით ვითამაშებთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში “იუვენტუსთან” გვიწევს შეხვედრა. ახლა იმ თამაშს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის შემდეგი არაა. რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეებს, ბეილს უკვე შეუძლია გუნდთან ერთად ვარჯიში, ხოლო ბენზემა ინდივიდუალურად ემზადება, მაგრამ ტურინში გამგზავრების შანსი აქვს”, - განაცხადა ანჩელოტიმ.