სიყრმესა და ბავშვობაში ყოველთვის მესმოდა მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული სახელები: მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ქეთევან არახამია და სხვებიც... ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენ მსოფლიოში უმაგრესი ქალი მოჭადრაკეები გვყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მათი გამარჯვებები უმეტესწილად საბჭოთა კავშირის კუთვნილება ხდებოდა, ეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს დიდი სიამაყით აღავსებდა, რადგან იყო უპირველესი – ეს უკვე განსაკუთრებული გრძნობაა!
ამის შედმეგ გავიდა წლები, ათწლეულები, თითქოს მინელდა კიდეც იმის იმედი, რომ გვეყოლებოდა ქალ მოჭადრაკეთა ახალი თაობა, რომელიც კიდე ერთხელ იტყოდა ხმამაღალ სიტყვას მსოფლიო ჭადრაკში და კიდევ ერთხელ დაამტკიცებდა, რომ ამ ჩვენს საცოდავ ქვეყანას მიუხედავად უამრავი ყოფითი თუ სოციალური პრობლემისა, ჯერ კიდევ შეუძლია გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა, პირველობა!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია! როგორ ჟღერს? მსოფლიოს ჩემპიონია! როგორ მოგვენატრა ამ სიტყვების გაგონება! დადიხარ ქუჩაში და გესმის ჩვენი მოჭადრაკე გოგონების ქება და სხვებთან ერთად დიდი სიამაყე გიპყრობს, რადგან შენ იცი, რომ მთელი საჭადრაკი სამყარო მომდევნო კარგა ხნის განმავლობაში ჩვენს ქალებზე ილაპარაკებენ, გამოთქვამენ მოსაზრებებს, იტყვიან ათასგვარ სიმართლესა თუ ტყუილს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალთა ჭადრაკი თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და საქართველო კვლავ იმ პოზიციაზეა, რასაც ყოველთვის იმსახურებდა!
გუშინ, ქუჩაში მიმავალი თორმეტიოდე წლის გოგონას დედამისი უყვებოდა, რა საამაყო მოჭადრაკე ქალებიც გვყავს და ბოლოს ჰკითხა: „შენც ხომ არ მიგიყვანო ჭადრაკზე? გაინტერესებს?“ თუნდაც იმ ერთი ბავშვის დაინტერესება უკვე ნიშნავს რა მოიტანა ჩვენი მოჭადრაკეების მსოფლიოს ჩემპიონობამ და დაკარგული კვარცხლბეკის დაბრუნების სიამემ. არადა, რაც თავი მახსოვს, მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიდუხჭირისა, საქართველოში (სამწუხაროდ უმეტესად მხოლოდ ქალაქებში, რადგან სოფლებში სათანადო პირობები არაა) ჭადრაკზე ბავშვები ყოველთვის დაჰყავდათ და მუდამ ვკითხულობდით და გვესმოდა, რომ სულ მალე მოვიდოდა თაობა, რომლებიც ნონას, მაიას და მათი თაობის გზას გააგრძელებდნენ. მადლობა ღმერთს ეს წინასწარმეტყველება ახდა! ჩვენი ქალები დაბრუნდნენ!
არ ვიცი ამ ტექსტს კითხულობენ თუ არა ჩვენი საამაყო მოჭადრაკე გოგონები. ისიც არ ვიცი, რჩებათ თუ არა დრო მათი რთული და დაძაბული სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, მაგრამ თუკი ვინმე იცნობთ ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონთა ხუთეულის წევრებს, უთხარით, რომ ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და კიდევ უფრო მეტად ის გვახარებს, რომ დარწმუნებულები ვართ, მათი გამარჯვებების ისტორია ამით არ დასრულდება.
ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი - ამ “ოქროს გოგონების” სახელი ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ბევრმა არ იცოდა. რატომ არ იცოდა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ბოლოს მაინც იმ ადამიანებს მივადგებით, რომლებიც ათასგვარ სატელევიზიო შოუებსა თუ გადაცემებში რეიტინგის ასამაღლებლად ხშირად ყველაფრის მკადრებელ უცნაურ ხალხს იწვევენ. არადა შეხედეთ მოჭადრაკეებს! აი, ვინ უნდა მოიწვიოს ყველა ტელევიზიამ! აი, ვისი სახელები უნდა იცოდეს ყველა ქართველმა და აი, ვის უნდა დაემსგავსნონ ჩვენი შვილები! დიდი მადლობა გოგონებო. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით!