ჭადრაკი

22:50 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ალექსანდრია: “პროფესიონალური თვალსაზრისით ეს გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია”

ჩინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოჭადრაკეთა შორის, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა თავის ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატს, საჭადრაკო ოლიმპიადების რვაგზის ჩემპიონს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის მფლობელ ნანა ალექსანდრიას გაესაუბრა.

ნანა ალექსანდრია (საერთაშორისო დიდოსტატი): “გამარჯვება ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან დიდი წარმატებაა. პროფესიონალური თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ გუნდური ჩემპიონატი ყველაზე ღირებულია. მართალია მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა უფრო მასშტაბურია და ქვეყნისთვის უფრო პრესტიჟულია იმიტომ, რომ გაეროს ყველა ქვეყანა მონაწილეობს, მაგრამ პროფესიონალური იმიტომ აღვნიშნე, რომ აქ საუკეთესოები მონაწილეობენ და საჭადრაკო ოლიმპიადზე, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც რაოდენობა ტურებისა შემცირდა (ადრე იყო 14, ახლა 11), შეიძლება ისე გაიარო ტურები ყველა ფავორიტს არ შეხვდე, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი მონაწილეობენ კონტინენტის ჩემპიონები და საჭადრაკო ოლიმპიადის საუკეთესო გუნდები. ამით იმის თქმა მინდა, რომ აქ ყველას ეთამაშები, ყველა უძლიერეს მეტოქეს. ასე ღირსეულად განვლო მთელი ტურნირი და ასე ღირსეული გამარჯვება მოიპოვო, თან იმ ფონზე, როდესაც გუნდის ლიდერი, რომელმაც მაია ჩიბურდანიძე შეცვალა, ნანა ძაგნიძე არ მონაწილეობს, არ ვიცი, ამის წარმოდგენაც კი ძალიან ძნელი იყო. შესაძლოა, ემოციური თვალსაზრისით დრეზდენის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამარჯვება უფრო ემოციური იყო, იმიტომ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შთამბეჭდავად გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი გახლდათ, მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ პროფესიონალური თვალსაზრისით გუნდური ჩემპიონატი უმნიშვნელოვანესია და ეს, ქართველი ქალების გუნდურ შეჯიბრებაში მოპოვებული ყველაზე დიდი გამარჯვებაა. მე ყოველ შემთხვევაში ამას ასე ვაფასებ”.

0.126216