ფეხბურთი

21:08 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გაგრამ” კონკურენტს სძლია

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე პირველი ლიგის ბ ჯგუფის ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. 32-ე ტურში “გაგრა,” რომელიც საშინაო მატჩებს ვაკეში მართავს, კონკურენტ “ბორჯომს” დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა.

პირველ ტაიმში ბურთის ფლობის უპირატესობა ბორჯომული კლუბის მხარეს იყო, მაგრამ გოლი “გაგრამ” გაიტანა. სტუმართაგან განსაკუთრებით აქტიურობდა თბილისის “დინამოს,” “გაგრასა” და “ცხინვალის” ყოფილი წევრი ბექა მუმლაძე. ხშირად ამწვავებდა შეტევებს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი შორეული მანძილიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.

პირველ ტაიმში “ბორჯომი” უფრო შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა, “გაგრა” კი აქცენტს კონტშეტევებზე აკეთებდა, რასაც შედეგი მოჰყვა.

მე-12 წუთზე პისკოვეცის გუნდმა კონტრშეტევა წამოიწყო, ბაქრაძემ ბურთი მირონენკოსთან გაითამაშა და მეკარისაგან მარცხენა კუთხეში დაარტყა. მეკარე შოთა გოგიაშვილი ბურთს ვერ მიწვდა და ანგარიში გაიხსნა.

პისკოვეჩის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ოთხმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათ გარდა ასევე უკრაინის მოქალაქეა 23 წლის ამბერკ ინჯიბაშვილი. ლეგიონერთა კლასში განსაკუთრებული ვერაფერი დავინახეთ, მირონენკოს გამორჩევა შეიძლება, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა.

“ბორჯომის” შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 34 წლის ედიკ საჯაიამ შეუცვლელად ითამაშა. მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ჩავლილია, თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში – შეტევის დაწყებისას თუ ფორვარდთან ერთი-ერთზე თამაშისას ჩანდა მისი გამოცდილება.

შესვენებისას მინდორზე ოთარ მამასახლისი გამოჩნდა, რომელმაც კახა ცხადაძის, გიორგი ქინქლაძისა და ანდრეი შევჩენკოს პაროდიები შეასრულა.

53-ე წუთზე “ბორჯომის” შეტევისას ევგენი მალიკმა ბურთი ცუდად მოიგერია, ფაქტიურად დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა სერგო ქობესაშვილი, რომელმაც საჯარიმოსთან ახლოს, მახვილი კუთხიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა საპირისპირო კუთხისკენ. ანგარიში გათანაბრდა, ეს იყო მატჩის საუკეთესო გოლი და მცირერიცხოვანმა ბორჯომელმა გულშემატკივარმა გაიხარა.

74-ე წუთზე ცოცხალაშვილმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “გაგრას” ერთ-ერთი შეტევისას ცოცხალაშვილი მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა. მის დარტყმულის შემდეგ კი “ბორჯომის” მცველები ცდილობდნენ ბურთის კარის ხაზიდან გამოტანას, რადგან მეკარე გოგიაშვილი წინ იყო გამოსული. “ბორჯომის” მცველების მცდელობას შედეგი არ მოჰყვა და მსაჯმა ნინუამ გოლი დააფიქსირა.

დარჩენილ დროში “ბორჯომი” აქტიურობდა, “გაგრა” თავს იცავდა. ედიკ საჯაია ხშირად გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, ცდილობდა შეტევაში მონაწილეობას, მაგრამ როგორც ჩანდა, წონის პრობლემის გამო, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაბრუნებას ვერ ასწრებდა.

სტუმართაგან ასევე გამოსარჩევია საყრდენი ჯოჯუა, რომელიც დაცვისა და ნახევარდაცვის კავშირს არეგულირებდა, ხოლო თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილმა ფეხბურთელმა, 21 წლის ლაშა კვარაცხელიამ ბევრი პრობლემა შეუქმნა “გაგრას” მცველებს, მაგრამ გუნდმა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნა და მნიშვნელოვან მატჩში დამარცხდა.

გაგრა – ბორჯომი 2:1 (1:0)

29 აპრილი, თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი, 50 მაყურებელი

გაგრა: ბურდეინი, ბიწკინაშვილი, მალიკი, მიქავა (კვიჟინაძე 84), ფირცხალაიშვილი, ჭაბუკიანი, ინჯიბაშვილი (შეწირული 67), მირონენკო, კუპრი (ჩაფიძე 67), ცოცხალაშვილი, ბაქრაძე

მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი

ბორჯომი: გოგიაშვილი, ვეკუა (ქობესაშვილი 37), საჯაია, ჩხარტიშვილი, ხითარიშვილი (შერგელაშვილი 81), თედიაშვილი, ჯოჯუა, კვარაცხელია, ლობჟანიძე, მუმლაძე (სარალიძე 68), როსტიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კობა თედიაშვილი

გოლები: 1:0 ბაქრაძე (12), 1:1 ქობესაშვილი (53), 2:1 ცოცხალაშვილი (74)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)

გაფრთხილება: ჭაბუკიანი (32), ვეკუა (32), ცოცხალაშვილი (71)

0.064008