ფეხბურთი

0:58 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" უდინეში გაიმარჯვა
დი ნატალე ბაჯოს გაუტოლდა

იტალიის სერია A-ს XXXIII ტურმა სტარტი ერთი შეხვედრით აიღო. უდინეში, ადგილობრივმა “უდინეზემ” მილანის “ინტერს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებმა მატჩის ბოლო ნახევარი საათი ცხრა ფეხბურთელით ითამაშეს, რამაც მათ თამაშს გარკვეული დაღი დაასვა. პირველმა ტაიმმა უგოლოდ განვლო, ტაიმის მიწურულს კი უდინური კლუბი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა – მაურიციო დომიციმ პირველ 41 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.

ანგარიში 48-ე წუთზე გაიხსნა. დანილომ საკუთარ საჯარიმოშ მატია კოვაჩიჩზე იუხეშა, ხოლო დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი გოლად მაურო იკარდიმ გარდასახა, ვინც ბომბარდირთა დავაში კარლოს ტევესს გაუთანაბრდა. “უდინეზემ” ორ წუთში გაათანაბრა – 50-ე წუთზე ვეტერანი ანტონიო დი ნატალე მცველებს ადვილად დაუსხლტდა და ყოფილ თანაგუნდელ ჰანდანოვიჩს ახლო მანძილიდან გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ტოტომ სერია A-ში 205-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით იტალიური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, რობერტო ბაჯოს გაუტოლდა. რობერტო მანჩინის გუნდმა სამი ქულის მომტანი გოლის გატანა 66-ე წუთზე შეძლო. თავის გამოჩენა გერმანელმა ლუკას პოდოლსკიმ მოახერხა, რომელიც მოედანზე იმ წუთის შესული გახლდათ. გამოსარჩევია, რომ პოლდიმ “ნერაძურის” მაისურით პირველად იხეირა, თუმცა გოლი ძალზე ლამაზი და თანაც სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა. “ინტერმა” ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი კვლავინდებურად დაიტოვა.

“უდინეზე” – “ინტერი” 1:2 (0:0)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 9.500

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, დომიცი, პირისი; ალანი, ბადუ, გილერმე (პასკუალე 45, პერიკა 87); პინცი; დი ნატალე (კონე 61), ტერო

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, ფელიპე, ვიდიჩი, დ’ამბროზიო; კოვაჩიჩი, მედელი, გუარინი (პოდოლსკი 65); ერნანესი (გნუკური 90); პალასიო, იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 იკარდი (48, პენ), 1:1 დი ნატალე (50), 1:2 პოდოლსკი (66)

გაფრთხილება: პინცი (15), დომიცი (26, 41), კარნეზისი (47), ვიდმერი (52) – გუარინი (19), პოდოლსკი (65), პალასიო (83), მედელი (90)

გაძევება: დომიცი (41), ბადუ (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 21 (11) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 5:5 გაფრთხილება: 5:4 გაძევება: 2:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 18 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 17, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 15.

0.119755