სხვა

14:15 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი და გაგამარუ რეიტინგში დაწინაურდნენ

იაპონიის ასოციაციის სუმომ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ქომაგებისთვის სასიამოვნო ამბებია – ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ორივე ქართველმა სეკიტორმა წინსვლა განიცადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ ბაშოზე ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება, 7 მარცხი) დააფიქსირა, ხოლო თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ 4 მარცხის წილ ერთბაშად 11 გამარჯვება იზეიმა.

შედეგად, ტოჩინოშინი, რომელიც მარტის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობდა, დასავლეთის 1-ლი მაეგაშირა გახდა. რაც შეეხება გაგამარუს, მან დასავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტული აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირობაზე გაცვალა.

ისიც ვთქვათ, რომ ბანძუკეში იოკოძუნას წოდებით კვლავაც ჰაკუჰო (აპრილის დასაწყისში, ტოჩინოშინმა მონღოლ გოლიათს ერთ-ერთ საგაზაფხულო შეჯიბრზე სძლია), ჰარუმაფუჯი და კაკურიუ მოხვდნენ, ოძეკის ტიტულით კი კისენოსატო, კოტოშოგიკუ და გოეიდო იასპარეზებენ.

ცნობისთვის, საზაფხულო სუპერტურინამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 10-24 მაისს ნაცუ ბაშოს სუმოს მექად მიჩნეული ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანი უმასპინძლებს.

0.114605