ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 494 310 ევრო) “უაილდ ქარდი” უბოძეს, შეჯიბრს პირველივე წრეში გამოეთიშა.
23 წლის ბასილაშვილმა, ვინც პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში მისთვის სარეკორდო 134-ე ადგილზე იმყოფება, მსოფლიოს 117-ე ჩოგან ანდრეი გოლუბევთან (ყაზახეთი) 1:6, 3:6 წააგო.
ცნობისთვის, ეს უკანასკნელი 2010 წელს კლასიფიკაციაში 33-ე პოზიციაზეც კი გახლდათ, თუმცა, მას შემდეგ საგრძნობი უკუსვლა განიცადა. რუსეთში დაბადებული, ოღონდ ყაზახეთის სახელით მოთამაშე გოლუბევი მე-2 რაუნდში მე-2 ნომრად განთესილ ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს ეთამაშება.
ბასილაშვილი ჯერაც აგრძელებს თამაშს TEB BNP Paribas Istanbul Open-ის წყვილთა შეჯიბრში, სადაც ტუნა ალტუნასთან გახლავთ შეამხანაგებული. ქართველი და თურქი ჩოგბურთელები მერვედფინალში მე-3 რეიტინგის მქონე ავსტრალიელ კრის გუჩიონეს და ბრაზილიელ ანდრე სას ეთამაშებიან.