ფეხბურთი

14:01 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირაძეს და დვალს მთავარ მწვრთნელად დობროვოლსკი დაუნიშნეს

მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალური დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) 27-ე ტურში, კიშინიოვის “დაჩიამ”, სადაც ქართველი ფორვარდები დავით სირაძე და ჯაბა დვალი გამოდიან, სტუმრად “ტირასპოლი” 4:0 დაამარცხა. სირაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო დვალი კიშინიოველთა რიგებში არ გამოჩენილა. 26 აპრილს გაირკვა, რომ “დაჩიას” ახალ მთავარ მწვრთნელად კლუბის ხელმძღვანელობამ იგორ დობროვოლსკი დანიშნა. კიშინიოველები მოლდოვის 11-გუნდიან ჩემპიონატს 46 ქულით ლიდერობენ.

“საქსანმა”, რომელშიც ირაკლი გოგინაშვილი ირიცხება, შინ “მილსამის” 1:0 აჯობა. ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა გამარჯვებულებში ორი ტაიმი ითამაშა. “საქსანი” 27 ქულით მეხუთეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურში “ქიზილქუმმა” სახლში “ანდიჟანს” 1:0 აჯობა. მარცხენა მცველმა გიორგი კვესიეშვილმა მასპინძლებში 90 წუთი იასპარეზა. “ქიზილქუმი” 7 ქულით 16 გუნდში მეცხრეა.

სომხეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში, “ულისი”, რომელშიც ბევრი ქართველია, გასვლაზე “ბანანცთან” 0:3 დამარცხდა. ირაკლი გეფერიძემ, დავით ხურციძემ, ირაკლი ჭეჟიამ, ლევან ჯღარკავამ სტუმრებში შეუცვლელად ითამაშეს. გიორგი ხუბუა სასტარტოში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს. გალაქტიონ ზოიძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. “ულისი”, რომელიც ერთი პერიოდი სომხეთის 8-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობდა, ახლა მესამეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 41-ე ტურში, “ფეირენსემ” “ბეირა-მარი” მიიღო და 1:2 დამარცხდა. ქართველმა მეკარე გიორგი მაკარიძემ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ფეირენსე” 69 ქულით 24 გუნდში მეხუთეა.

იტალიის ლეგა პრო A-ს 36-ე ტურში, “სუდტიროლმა”, რომლის ღირსებას ირაკლი შეყილაძე იცავს, თავის მოედანზე “პავიასთან” 2:3 წააგო. ქართველი ფორვარდი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და მე-60 წუთზე შეცვალეს. “სუდტიროლი” 44 ქულით 20 გუნდში მეცამეტეა.

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) 30-ე ტურში “პარიზი” სტუმრად “ბულონს” ნულოვან ფრეზე გაეყარა. მარცხენა მცველი ამირან სანაია პარიზელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “პარიზი” 58 ქულით 18 გუნდში მესამეა.

0.111259