ფეხბურთი

22:03 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ათქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა

ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტურის ორი ყველაზე საინტერესო შეხვედრა დღეს გაიმართა. “ევერტონმა” შინ “მანჩესტერ იუნაიტედი” გაანადგურა, ხოლო “ემირათს სთედიუმზე” ჩატარებულ ლიდერების მატჩში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

დღის პირველი მატჩი “გუდისონ პარკზე” შედგა, სადაც “ევერტონმა” დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ანგარიში შეხვედრის დებიუტში გაიხსნა, მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ჯეიმს მაკკარტის მშვენიერი გოლით დასრულდა. “მანჩესტერს” გათანაბრება ერთ წუთში შეეძლო, თუმცა მარუან ფელაინიმ ყოფილი გუნდი დაინდო და ოდნავ ააცილა ჰოვარდის კარს. “კანფეტებმა” მეორე გოლი 35-ე წუთზე გაიტანეს, ლეიტონ ბეინსმა კუთხური მოაწოდა, ჯონ სტოუნმა კი ყველას დაასწრო და თავური დარტყმით გაუტანა დე ხეას.

მეორე ნახევარი სტუმართა იერიშით დაიწყო და უეინ რუნის 46-ე წუთზე შეეძლო გატანა, მაგრამ ტიმ ჰოვარდს ვერ აჯობა. ამის შემდეგ, მერსესაიდელებმა შეხვედრა დაალაგეს და მთელი მეორე ტაიმის განმალობაში მათთვის სასურველი თამაში მიმდინარეობდა, ხოლო 74-ე წუთზე როს ბარკლის ჩინებული გადაცემის შემდეგ კევინ მირალაში მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მესამე გაუტანა დე ხეას. ბელგიელს 85-ე წუთზე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მისი გასროლილი დავიდ დე ხეამ ჩინებულ ნახტომში მოიგერია – 3:0. “ევერტონი” 44 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო “იუნაიტედი” 65 ქულით მე-4 საფეხურზეა და “ლივერპულს” 7 ქულით უსწრებს, რომელსაც ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს.

მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კი “ემირათს სთედიუმისკენ” იყო მიმართული, სადაც ლონდონურ დერბიში “არსენალმა” “ჩელსის” უმასპინძლა. შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრამ მაყურებლის მოლოდინი ვერ გაამართლა. გარდა იმისა, რომ გოლი არ გავიდა, ბევრი მომენტიც არ ყოფილა და შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა. პირველი სახიფათო მომენტი მე-15 წუთზე სტუმრებს შეექმნათ, ოსკარი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ოსპინას თავზე გადაუგდო ბურთი, რომელიც ცარიელი კარიდან ბელერინმა გაიტანა. 34-ე წუთზე მასპინძელთა შეტევას საკამათო ეპიზოდი მოჰყვა, სანტი კასორლას დარტყმული გარი კეჰილს ხელში მოხვდა, რაზეც “მეთოფეები” პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მაიკლ ოლივერმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.Aაქედან სამ წუთში, “ჩელსის” შეეძლო გატანა, ვილიანმა შესანიშნავი პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა რამირესი, თუმცა ბრაზილიელმა ახლო მანძილიდან ძალიან ცუდად დაარტყა. ნახევარმომენტები ჰქონდათ დიდიე დროგბასა და მესუთ ოზილს, რომელიც მეკარეების იოლი ნადავლი გახდა, ხოლო პერ მერტესაკერმა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა – 0:0. “ჩელსი” 77 ქულით გამოკვეთილი ლიდერია და უახლოეს მდევრებს “არსენალსა” და “სიტის” 10 ქულით უსწრებს. არსენ ვენგერის შეგირდებს ქულებით “სიტი” წამოეწია, თუმცა ერთი შეხვედრა თადარიგში აქვთ და წარმატების შემთხვევაში, კვლავ მე-2 ადგილზე გადაინაცვლებენ.

ევერტონი – მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 (2:0)


ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-1-4-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, ბერი, ბარკლი (ნეისმიტი 88), ოსმანი (მირალაში 69), მაკკარტი, ლენონი, ლუკაკუ (კონე 87).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, მაკნაირი, სმოლინგი, ვალენსია, შოუ, ბლინდი, ფელაინი (ფალკაო 46), ერერა, მატა (დი მარია 63), იანგი, რუნი (ვან პერსი 88).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 მაკკარტი (5), 2:0 სტოუნზი (35), 3:0 მირალაში (74).
გაფრთხილებები: ფელაინი, შოუ
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 9(7)-17(4), ჯარიმა: 6-10, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-4

არსენალი – ჩელსი 0:0

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი (უელბეკი 76), კასორლა, ოზილი, რემსი, სანჩესი, ჟირუ (უოლკოტი 84).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი (ზუმა 90), მატიჩი, რამირესი, ვილიანი (კუადრადო 94), აზარი, ოსკარი (დროგბა 46).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილებები: კოკლენი, რემსი, კასორლა, მონრეალი – ფაბრეგასი, ვილიანი, ივანოვიჩი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 12(1)-6(2), ჯარიმა: 17-11, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-1

0.232402