ჩოგბურთი

21:07 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცოტნე ძიმისტარიშვილი – 3 თასით 2 ტურნირიდან

ცოტნე ძიმისტარიშვილი 11 წლისაა (2003 წლის 3 ივლისაა დაბადებული), თუმცა მან უკვე მოასწრო ჩოგბურთის სპეციალისტთა და მოყვარულთა ყურადღების მიქცევა და სამართლიანად მიიჩნევა არათუ მხოლოდ პერპექტიულ მოთამაშედ, მას თამამად თვლიან ამომავალ ვარსკვლავად. ამის ნათელი დადასტურება ბაქოში ცოტნეს ამასწინანდელი გამოსვლაა.

აზერბაიჯანის დედაქალაქში მოზარდ ჩოგბურთელთა შორის TENNIS EUROPE-ის 2 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, რომლებშიც ცოტნე ძიმისტარიშვილმა მეტად მაღალ დონეზე იასპარეზა და 3 თასით ხელდამშვენებული დაბრუნდა თბილისში. ბაქოს შეჯიბრებებზე თავი ათზე მეტი ქვეყნის 32-32 მონაწილემ ითამაშა (ჰარდსაფარიან კორტზე), წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ვლადიმერ გაბრიჩიძის ნიჭიერმა აღსაზრდელმა ცოტნემ კი პრიზებთან ერთად საყოველთაო ყურადღებაც მიიპყრო.

13-19 აპრილს ჩატარებულ ტურნირზე ცოტნე ძიმისტარიშვილმა ფინალამდე დამაჯერებელი, ლაღი თამაშით გააღწია და მხოლოდ მთავარი პრიზისთვის გამართული გადამწყვეტი მატჩი დათმო რუსეთის წარმომადგენელ ანტონ სამოკიშთან 2:6, 5:7.

20-26 აპრილს ჩატარებული საჩოგბურთო შეჯიბრება კი სულაც ცოტნე ძიმისტარიშვილის ტრიუმფით დასრულდა. ჩვენმა თანამემამულე თინეიჯერ-ვუნდერკინდმა როგორ ერთეულთა, ასევე წყვილთა ასპარეზობა მოიგო. ერთეულთა თანრიგში ცოტნემ იგორ კუდრიაშევს 2 სეტით 6:4, 6:4 სძლია, წყვილთა შორის კი სამოკიშთან რევანშის აღება მოახერხა – ცოტნესა და ანდრეი კრილოვის დუეტმა კუდრიაშევისა და სამოკიშის ტანდემს 6:3, 6:3 მოუგო.

იმედისმომცემი ჩოგბურთელი ცოტნე ძიმისტარიშვილი თავის ასაკში საქართველოს ჩემპიონი და უდავო ლიდერია. 11 წლისამ ქართველთაგან მან პირველმა მოახერხა საერთაშორისო შეჯიბრებების მოგება, რაც სამომავლოდ მისი გამოსვლებისადმი ოპტიმისტურად განგვაწყობს და ცოტნეს ყოველ ახალ სტარტს იმედიანად შევხვდებით.

ცოტნე ძიმისტარიშვილი დღეს ბულგარეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ დობრიში ამჯერად უკვე თიხის საფარის კორტის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ცოტნეს საჩოგბურთო ნიჭის, საქმისადმი მონდომებული მიდგომის გათვალისწინებით მისგან ახალ-ახალ წარმატებებს ველით.

0.118687