ჩინეთში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, ჯერჯერობით მოვლენები ისე ვითარდება, ქართველი გულშემატკივარი რომ ინატრებდა.
მე-7 ტურში საქართველოს გუნდმა ინდოელებს 2.5:1.5 მოუგო, ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, 14 შესაძლებლობიდან 13 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ რუსეთის ნაკრებს, რომელმაც ყაზახეთთან 2-2 ითამაშა, 2 ქულით უსწრებს.
ბოლოსწინა, მე-8 ტურში საქართველო მისთვის უხერხულ მეტოქე სომხეთს ეთამაშება, ბოლო ტურში კი ჩინეთს დაუპირისპირდება. მართალია, ეს გუნდი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკის, ქალთა რეიტინგის ლიდერ ჰოუ იფანის გარეშე თამაშობს, მაგრამ ჩინეთს მაინც ძლიერი გუნდი ჰყავს და ჯერჯერობით მე-3 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ჩვენი გუნდის პირველ მდევარს, რუსეთს, ბოლოსწინა ტურში მისი მეტოქე უკრაინა იქნება. ბოლო ტურში რუსეთის მეტოქე აშშ-ს ნაკრებია, რომელიც აუტსაიდერთა შორის იმყოფება.
დავუბრუნდეთ საქართველო-ინდოეთის შეხვედრას. ხოტენაშვილისა და მელიას ყაიმის შემდეგ, მერი არაბიძემ შეძლო რუტ პადმინის დამარცხება და თანაგუნდელები 2-1 დააწინაურა. მატჩის ბედი მეორე დაფაზე მოასპარეზე ლელა ჯავახიშვილისა და ჰარიკა დრონავალის შეხვედრაზე იყო დამოკიდებული. ინდოელ დიდოსტატს მატჩის გადასარჩენად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, ჯავახიშვილს კი ყაიმიც ჰყოფნიდა. საბოლოოდ, ჯავახიშვილმა შეძლო გამარჯვების მომტანი ყაიმის გაკეთება, რაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს მიმდინარე ჩემპიონატზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოეპოვებინა.
გამორიცხული არაა, მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა ბოლოსწინა, მერვე ტურის შემდეგაც გაირკვეს.
საქართველო - ინდოეთი 2.5-1.5
ბელა ხოტენაშვილი (2513) - ჰამპი კონერუ (2581) 0.5-0.5
ლელა ჯავახიშვილი (2481) - ჰარიკა დრონოვალი (2492) 0.5-0.5
მერი არაბიძე (2374) - რუტ პადმინი (2454) 1-0
სალომე მელია (2459) - სვამინატან სუმია (2347) 0.5-0.5
ნინო ბაციაშვილი (2473, საქართველო) და მარი გომესი (2354, ინდოეთი) ისვენებდნენ.
მე-7 ტური
საქართველო - ინდოეთი 2.5-1.5
სომხეთი - აშშ 2-2
ჩინეთი - უკრაინა 2-2
რუსეთი - ყაზახეთი 2-2
ეგვიპტე - პოლონეთი 1-3
27 აპრილი, მე-8 ტური
საქართველო - სომხეთი
უკრაინა - რუსეთი
ინდოეთი - პოლონეთი
ყაზახეთი - ეგვიპტე
აშშ - ჩინეთი
მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ
I საქართველო 13 ქულა
II რუსეთი 11
III ჩინეთი 9
IV უკრაინა 8
V სომხეთი 7
VI-VII ინდოეთი, ყაზახეთი 6-6
VIII-IX პოლონეთი, აშშ 5-5
X ეგვიპტე 0