ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა ედენ აზარის მიმართ მადრიდის “რეალის” დაინტერესებაზე და თქვა, რომ “რეალიდან” არავინ დაკავშირებია.
“აზარის თითოეული ფეხი 100 მილიონ გირვანქა სტერლინგად ფასობს, რადგან იგი ახალგაზრდაა. თუ “რეალს” ბელგიელის გადაბირება უნდა, ეს ინფორმაცია პირველ რიგში მე უნდა შევიტყო. არ მჯერა ამ ინფორმაციის, რადგან მადრიდელები ამას მეტყოდნენ. ყოფილი გუნდის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ ისინი აზარით დაინტერესდებიან, აუცილებლად დამირეკავენ.” – განაცხადა პორტუგალიელმა.
მიმდინარე სეზონში “არისტოკრატთა” შემტევმა ყველა ტურნირზე 46 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 18 გოლი და 14 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2014/15 სათამაშო წლებში 12 მილიონით გაიზარდა და მისი შეძენა 60 მილიონ ევროდაა შესაძლებელი.