“მსაჯობა ქართული რაგბის სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა. ჩვენ ამ დიდი ოჯახის წევრები ვართ და გვსურს, მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ჩვენ უნდა გავიზარდოთ მორაგბეებთან ერთად და მორაგბეები ჩვენთან ერთად. სწორედ ასეა შესაძლებელი საქართველოს ჩემპიონატის და ზოგადად ქართული რაგბის წინსვლა და ჩვენის მხრივ, ამისათვის მაქსიმუმს გავიღებთ,” - ესაა ორი ახალგაზრდა მსაჯის - ნიკა ამაშუკელისა და შოთა თევზაძის განწყობა, რომელთაც ქვეყნის ღირსება რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩში, მსაჯების რანგში დაიცვეს და წინ კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა აქვთ.
ბოლო დროს მსაჯობა ქართული რაგბის მართლაც ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა და საქართველოს რაგბის კავშირმა აამოქმედა სპეციალური პროგრამა - ამ მიმართულებით დაასაქმა ახალგაზრდა მორაგბეები, რომელთა გარჯაც ჯერჯერობით სასურველისგან ძალიან შორსაა, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა და ამას უკვე ევროპაშიც აღიარებენ. რომ არა ახალგაზრდების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ჩემპიონატის მატჩები უბრალოდ ვერ ჩატარდებოდა, რადგან არ გვეყოლებოდა მსაჯები. ამიტომ, ამ ადამიანებს მოფრთხილება და გვერდში დგომა სჭირდებათ, როგორც კავშირის ხელმძღვანელობის და მორაგბეების, ასევე გულშემატკივრების მხრიდან.
დღევანდელი რეალობა ასეთია - საქართველოს ჩემპიონატის ნებისმიერი მატჩის შემდეგ, წაგებული გუნდი მსაჯობით უკმაყოფილოა. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტი მატჩებისთვის რაგბის კავშირს სპეციალურად ჩამოყავს ირლანდიელი მსაჯები და ვერავინ იტყვის, რომ ისინი მატჩებს უშეცდომოდ სჯიან, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და მათ მიმართ იმდენი პრეტენზია არ ისმის, რამდენიც ქართველი ახალგაზრდების მიმართ.
მოკლედ, ესაა ქართული რაგბის ერთ-ერთი მტკივნეული თემა და მას შემდეგ, რაც ამაშუკელმა და თევზაძემ მონტენეგროში პირველი ევროპული გამოცდა ჩააბარეს, მათთან გასაუბრება გადავწყვიტეთ. ცნობისათვის, ქართველმა მსაჯებმა მონტენეგროსა და ესტონეთის შეხვედრაში (29:27) თითო-თითო ტაიმი იმსაჯეს, ხოლო სლოვაკეთ-მონტენეგროს (31:3) მატჩში თევზაძე მთავარი მსაჯი იყო, ხოლო ამაშუკელი კიდეზე იდგა.
- როგორ მოხვდით მონტენეგროში და რას ნიშნავს თქვენთვის ევროპული რაგბის ოჯახში გაწევრიანება?
ნიკა ამაშუკელი: ასაკით პატარები ვართ (ნიკა ამაშუკელი 20 და შოთა თევზაძე 21 წლის) და ეს ჩვენს კარიერაში დიდი ნაბიჯი იყო. პატრიკ რობენს, რომელიც ერთა თასის მატჩებზე მსაჯების დანიშვნაზეა პასუხისმგებელი, საქართველოს სამსაჯო კორპუსმა საქმეში ჩვენი ნახვა შესთავაზა. რობენს უთხრეს, რომ ვიცოდით ინგლისური ენა, ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევდით და მან ჩვენს მიერ ჩატარებული თამაშების ვიდეო ჩანაწერები მოითხოვა. მათი ნახვის შემდეგ პატრიკმა მონტენეგრეშო მიგვიწვია და ასე აღმოვჩნდით ამ ტურნირზე. ეს იყო პირველი და დიდი ნაბიჯი, რადგან ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ უკეთეს ტურნირებზე ვიმსაჯოთ და განვვითარდეთ, როგორც მსაჯები.
- ტურნირზე, რომელზეც თქვენ იყავით, რა დონის თამაშები გაიმართა?
შოთა თევზაძე: ვერ ვიტყვით, რომ მაღალი დონე იყო, მაგრამ ჩვენთვის, დასაწყისისთვის, მისაღები იყო. შეიძლება ასეც ითქვას, რომ მაგ დონის თამაშებისთვის წინ ვართ, თუმცა პირველი ნაბიჯები სწორედ იქ უნდა გადაგვედგა. ამის შემდეგ აუცილებლად გვექნება შანსი, რომ უფრო მაღალი დონის თამაშები განვსაჯოთ და ნელ-ნელა უფრო და უფრო წინ წავიდეთ. როგორც მსაჯი, ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში უფრო საინტერესო და სამსაჯოდ რთული შეხვედრები იმართება, ვიდრე მონტენეგროში იყო.
ნიკა ამაშუკელი: თუმცა, საინტერესო მომენტები იქაც იყო. რაც არ უნდა იყოს, გუნდები, რომლებიც თამაშობდნენ, ეროვნული ნაკრებები იყვნენ. ვიყავით უცხო გარემოში და დიდი გამოცდილება მივიღეთ, მსაჯისთვის კი, ნებისმიერი გამოცდილება მნიშვნელოვანია.
- თქვენი აზრით, რამდენად დიდია სხვაობა ევროპის ჩემპიონატის ჩვენი და მათი დივიზიონის დონეს შორის? რა დრო დაჭირდებათ ამ გუნდებს, ყოფილი ერთა თასის პირველ დონემდე მისასვლელად?
ნიკა ამაშუკელი: ალბათ, ნახევარი საუკუნე.
- მონტენეგროში თქვენ პირველ თამაშში თითო-თითო ტაიმი იმსაჯეთ და მერე ერთი შეხვედრა შოთა თევზაძეს სრულად მიანდეს...
შოთა თევზაძე: მონტენეგროში ოთხი მსაჯი ჩავედით და სულ ოთხი თამაში უნდა ჩატარებულიყო. პატრიკ რობენს რეალურად არცერთი ჩვენგანის მსაჯობა არ ჰქონდა ნანახი და ამიტომ, პირველ ორ თამაშში ოთხივე მსაჯმა თითო-თითო ტაიმი ვიმსაჯეთ, რათა ფინალისთვის აერჩია საუკეთესო. ფინალში მსაჯობა მე მომიწია.
ნიკა ამაშუკელი: მე მესამე ადგილისთვის მატჩი უნდა მემსაჯა, მაგრამ რობენმა მითხრა, რომ მალტის სახელით ჩამოსული ირლანდიელის კიდევ ერთხელ ნახვა სურდა და შოთასთან ერთად ფინალში გვერდითი მსაჯი ვიყავი. რობენმა პირდაპირ მითხრა, ირლანდიელზე მაღლა დგახარ, შენთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და ამ თამაშს მას იმიტომ ვაძლევ, რომ კიდევ დავაკვირდეო.
- თუ გქონდათ რობენთან საუბარი და მომავალში თუ მოგიწევთ უფრო მაღალი დონის ტურნირებზე მსაჯობა?
შოთა თევზაძე: მსგავსი საუბარი იყო და ზაფხულში მონტენეგროზე უფრო მაღალი დონის ტურნირზე ორივეს მიგვიწვევენ. იქ კიდევ ერთხელ დაგვაკვირდებიან და თუ ყველაფერი კარგად შევასრულეთ, მერე 18-წლამდელთა ევროპის ელიტურ ჩემპიონატზე მიგვიწვევენ, სადაც ექვსი ერის 18-წლამდელთა გუნდებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც გამოდის (წელს საქართველომ ფინალში ითამაშა).
ნიკა ამაშუკელი: ეროვნული ნაკრებების მაღალი დონის ტურნირამდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ იქაც მოვახერხოთ მოხვედრა.
- რატომ გადაწყვიტეთ მსაჯობა და როგორ მიხვედით აქამდე?
ნიკა ამაშუკელი: მე და შოთა პირველი კლასიდან ერთად მოვდივართ და მთელი ეს გზაც ერთად გავიარეთ. ორივენი დავდიოდით რაგბიზე, ორივე ერთად მოვხვდით სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, თამაშსაც ერთად დავანებეთ თავი და მსაჯობაც ერთად დავიწყეთ. ჩვენი მსაჯობა ასე დაიწყო: ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე, ჩემმა მეგობარმა, კაპიტანმა საბა შუბითიძემ მითხრა, თუ დავინტერესდებოდით სამსაჯო კორპუსში მისვლით, რადგან იქ უცხო ენის მცოდნე ახალგაზრდებს ეძებდნენ, რომელთაც რაგბი იცოდნენ. რაგბი მიყვარს და დავინტერესდი, იქ დავით შუბითიძე დაგხვდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს რთული საქმე შეგვყვარებოდა და ასე გავხდით მსაჯები. გამომდინარე იქიდან, რომ მსაჯობის მხრივ საქართველოში ძალიან რთული სიტუაცია იყო, მეც და ჩემმა მეგობრებმაც გადავწყვიტეთ, რომ ქართულ რაგბის ამ მიმართულებით დავხმარებოდით.
- მსაჯობა უფრო რთულია თუ თამაში?
შოთა თევზაძე: ვფიქრობ, მსაჯობა უფრო რთულია. როდესაც მოთამაშე ხარ, შენს გარდა მოედანზე კიდევ 14 კაცია და მათ შეუძლიათ შენი შეცდომა გამოასწორონ, მაგრამ მსაჯი მოედანზე მარტოა. უნდა განსაჯო 30 თავზეხელაღებული მოთამაშე, რომელთაგან თითოეული მზადაა, ყველაფერი გაიღოს, რათა გამარჯვება მოიპოვოს. არავის ეგონის, რომ მსაჯს მოთამაშეზე ნაკლები ფიზიკურ ფორმაში ყოფნა მოეთხოვება. პირიქით, ყველაზე მეტი მოძრაობა სწორედ მსაჯს უწევს, რათა მთელს მოედანზე მუდამ იქ იყოს, სადაც ბურთია. ფსიქოლოგიური წნეხიც გასათვალისწინებელია და მსაჯის შეცდომაც უფრო ჩანს, ვიდრე მოთამაშის.
- მსაჯებს მარტო თამაშებისას ვხედავთ და საინტერესოა, როგორია თქვენი განრიგი?
ნიკა ამაშუკელი: ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ბევრი თუ არ ვიმუშავეთ, არაფერი გამოვა. დილაობით სიმძიმეებით ვვარჯიშობთ, მერე კარდიოვარჯიშები გვაქვს - ბევრს დავრბივართ და ვცდილობთ, რომ სულ ფორმაში ვიყოთ.
შოთა თევზაძე: გარდა ფიზიკურისა, გვაქვს თეორიული მეცადინეობებიც. ვარჩევთ როგორც ჩვენს, ასევე ჩვენი მეგობრების და უბრალოდ, ევროპაში გამართულ დიდ თამაშებს. ეს ჩვენი წინსვლისთვისაა საჭირო, რათა ერთმანეთის შეცდომებზე ვისწავლოთ. გვყავს მასწავლებლები, რომლებიც ჩვენთან ერთად არჩევენ თამაშებს, გვაძლევენ შენიშვნებს, მაგალითებს და რჩევებს.
- რატომ უნდა გადაწყვიტოს ახალგაზრდამ პროფესიად მსაჯობის არჩევა?
შოთა თევზაძე: მსაჯობა ნაკლებად დაფასებული საქართველოშია, თორემ სხვაგან ამ პროფესიის ადამიანებს ყველა პატივისცემით ებყრობა. მსაჯობა დიდ ნებისყოფას მოითხოვს და სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას საჭიროებს. ვფიქრობ, ძალიან კარგ საქმეს მოვკიდეთ ხელი და ვეხმარებით ქართულ რაგბის. სადაც მსაჯი არაა, იქ რაგბი ვერ განვითარდება. მსაჯი უნდა გაყვეს მოთამაშეებს და პირიქით, მოთამაშეები უნდა გაყვნენ მსაჯს, თორემ წინსვლა არ იქნება.
ნიკა ამაშუკელი: ადამიანებს, რომელთაც უყვართ რაგბი, აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ძალიან ახლოს გაიცნონ ის. მე თამაშის დროს რაგბის ისე კარგად არ ვიცნობდი, როგორც მსაჯობისას გავიცანი. დეტალებში და ნიუანსებში სწორედ ახლა ჩავიხედე. მსაჯობა დამეხმარა საკუთარი თავის გაცნობაშიც. მორაგბეც წნეხის ქვეშ თამაშობს, მაგრამ მსაჯისთვის წნეხი კიდევ უფრო მეტია. ზოგს გონია, რომ მსაჯი რობოტია და შეცდომას არ უნდა უშვებდეს, მაგრამ რეალურად, ყველაზე მაღალი დონის მსაჯიც კი უშვებს შეცდომას. ეს სწორედ წნეხის და სირთულის შედეგია.
- რეგულარული პირველობის ცენტრალური მატჩებისთვის და განსაკუთრებით პლეი ოფებისთვის, საქართველოს რაგბის კავშირს უცხოეული, ძირითადად ირლანდიელი მსაჯები ჩამოყავს. რას სწავლობთ მათგან?
შოთა თევზაძე: ირლანდიურ სამსაჯო კორპუსთან კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული და ისინიც გვეხმარებიან. ჩვენც ვიყავით ირლანდიაში და გავიარეთ შესაბამისი კურსები. მანამდე საქართველოში ახალი ზელანდიიდან იყო ჩამოსული მსაჯი რიჩარდ კელი, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია და ახლახან 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის ფინალი იმსაჯა ინგლისსა და სამხრეთ აფრიკას შორის. ის სამი თვე იყო საქართველოში და მისგან მართლა ძალიან ბევრი ვისწავლეთ. ყველა უცხოელისგან რაღაცას ვსწავლობთ, მაგრამ ეს ზელანდიელი განსაკუთრებული იყო. შეცდომები უცხოელ მსაჯებსაც მოსდით, თუნდაც ბოლო შეხვედრა გავიხსენოთ.
ნიკა ამაშუკელი: ჩვენთვის კარგი იქნებოდა სამშობლოში გადამწყვეტი თამაშების განსჯას თუ გვანდობდნენ, მაგრამ რადგან ასე გადაწყდა, ჩვენ პატივს ვცემთ ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებას. გათვითცნობიერებული გვაქვს, რომ ასეთი საპასუხისმგებლო მატჩებს სხვა გამოცდილება ჭირდება. გავა რაღაც პერიოდი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფებსაც და ფინალებსაც ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. ამ ეტაპზე საქართველოში სულ ოთხი უმაღლესი დონის მსაჯი ვართ და ყოველ კვირაში ხუთი თამაში იმართება. ძალიანაც რომ არ გვინდოდეს, ამ ეტაპზე ვინმეს დამატება აუცილებელია, რადგან შაბათის თამაშის შემდეგ, კვირას შეხვედრას საჭირო დონეზე ვეღარ წაიყვან.
- საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში რამდენიმე საკამათო სიტუაცია იყო. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში დებულების დარღვევის გამო ქუთაისის “აიას” რუსთავის “ხარებთან” წაგება ჩაეთვალა. თუ არ შეიძლებიდა ცრუ შერკინების მოთხოვნა, ან მორაგბის უკან დაბრუნება, რატომ მიეცით გუნდს ამის უფლება? ვინაა მსგავს სიტუაციებში პასუხისმგებელი?
ნიკა ამაშუკელი: მსაჯზე ყველაფრის გადაბრალება არ შეიძლება. თამაშის მსვლელობისას, მსაჯი უამრავ რამეს აკეთებს და შეცვლები, რომელიც მოედანს მიღმა ხდება, სხვამ უნდა აკონტროლოს. დებულების დაცვა, უწინარესად, გუნდს ევალება და სხვა ოფიციალური პირებიც ამისთვის არსებობენ. სამწუხაროდ, ლაფსუსებიც ხდება ხოლმე და ამას გამოსწორება უნდა.
შოთა თევზაძე: ჩემის დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში მწვრთნელებმა იციან, რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მაინც აკეთებენ - იქნებ გამოვიდეს... მერე მარტივია იმის თქმა, რომ მე ეს არ ვიცოდი და საბოლოოდ ყველაფერი მსაჯს ბრალდება. სამწუხაროდ, თქვენს მიერ მოყვანილ კონკრეტულ შემთხვევაში კომისარსაც და მსაჯსაც ეს შეცდომა გაეპარათ, შესაძლოა, მწვრთნელებმაც არ იცოდნენ დებულება რომ ირღვეოდა. მსგავსი სიტუაციები უცხოეთშიც ხდება. ერთგვარი ტაქტიკური სვლაა და იქაც ითხოვენ ცრუ შერკინებას, მაგრამ აკეთებენ ისე, რომ წესს არ არღვევენ.