ფეხბურთი

23:16 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფოთში სიმშვიდემ დაისადგურა

ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას ფოთის ,,კოლხეთსა” და რუსთავის ,,მეტალურგს” შორის ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მართალია, კოლხები ფაქტობრივად დაშორდნენ სახიფათო ზონას, მაგრამ სრული სიმშვიდისთვის მათ ამ მატჩის მოგებაც სჭირდებოდათ. რაც შეეხება ქვემოქართლელებს, მათი მდგომარეობა ყველას კარგად მოეხსენება. გუნდმა ზედიზედ 5 თამაში წააგო და გავარდნის საფრთხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

შეხვედრას ცუდი ამინდი დაესწრო. გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ციოდა. სამდღიანი წვიმის შემდეგ მინდორი დამძიმებულიყო და ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ. მატჩი ძალიან ნელ ტემპში დაიწყო და ტაიმის ნახევარი ისე მიილია, არც ერთ კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილა. დროის ამ მონაკვეთში ბურთი უმეტესწილად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. თამაშის მონოტონური მიმდინარეობა გურეშიძემ დაარღვია. 28-ე წუთზე მან ბურთი მოედნის კიდესთან მიიღო, შუაგულისკენ გადაიწია და საჯარიმო ხაზს მიახლოვებულმა ძლიერად გაისროლა. მართალია, დარტყმული აუღებელთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა, თუმცა გამოცდილ ბედიაშვილს რეაგირება დაუგვიანდა და ბურთმა კარის ბადე შეარხია - 1:0.

გატანილი გოლიდან სამ წუთში პირობით მასპინძლებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ამჯერად ბედიაშვილმა იყოჩაღა და ჟიშკარიანის ახლო მანძილიდან დარტყმის შემდეგ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მალე სტუმრებიც გააქტიურდნენ და ერთი წუთის ინტერვალში ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველად თავის გამოჩენა ბარაბაძეს მართებდა. იგი თავის მეურვეს დაუსხლტდა და საჯარიმოში შეჭრილმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ხარიხას მიენარცხა და მოედნის ფარგლები დატოვა. მეორე საგოლე შანსი ქვემოქართლელებს საჯარიმოს გათამაშების შემდეგ მიეცათ. ზვიადაძის დარტყმულს შორეულ ძელთან მყოფმა ბროლაძემ მიმართულება შეუცვალა, თუმცა მიზანს სულ ოდნავ ააცილა.

ტაიმის ბოლოს ფოთელებმა ასევე ზედიზედ ორჯერ შეუტიეს. ორივე შემთხვევაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა გოგონაიას ჰქონდა, მაგრამ ზღვისპირელთა კაპიტნის მცდელობაც უშედეგო გამოდგა.

მატჩის მეორე ნახევარში ზღვისპირელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც მალე ანგარიშში აისახა. შეხვედრის განახლებისთანავე ჟიშკარიანი თავის მეურვეს დაუსხლტდა, საჯარიმოში შეიჭრა და გამიზნული დარტყმით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა. ბურთი ძელმა აისხლიტა. დამატებაზე მასპინძლებმა ვეღარ ივარგეს.

ფოთელებს შეტევები არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ, რამაც შედეგი 61-ე წუთზე გამოიღო. გიგაურის მოწოდებულ კუთხურზე ყველაზე მარჯვე გოგონაია გამოდგა. ზღვისპირელთა კაპიტანმა მცველებს დაასწრო და მძლავრი თავური დარტყმით ბედიაშვილი უსაქმოდ დატოვა - 2:0.

ორ წუთში კოლხებმა ისევ გაიხარეს. საშუალო მანძილიდან გურეშიძის დარტყმულს ბედიაშვილი არცთუ დამაჯერებლად დაუხვდა და ბურთი თავის წინ მოიგერია. ყველას გიგაურმა დაასწრო და ზუსტი დარტყმით რუსთაველთა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია - 3:0.

მატჩის ბედი პრაქტიკულად აქ გადაწყდა. მართალია შეხვედრის ბოლომდე გასატანი მომენტები ორივე გუნდს მრავლად ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

არბიტრის საფინალო სასტვენმა ,,კოლხეთის” დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ზაზა ინაშვილი (,,კოლხეთი”) - ,,რუსთაველთა მდგომარეობის გათვალიწინებით ბიჭები იოლ გამარჯვებას ელოდნენ, რამაც მათ ცუდი სამსახური გაუწია. მეორე ტაიმში გაცილებით უფრო მოინდომეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ გავარდნის საფრთხე პრაქტიკულად აღარ გვემუქრება, ყველა მომდევნო თამაშს სრული მობილიზებით მივუდგებით.“

,,კოლხეთი’’ (ფოთი) – ,,მეტალურგი” (რუსთავი) 3:0 (1:0)
24 აპრილი. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 200 მაყურებელი.

კოლხეთი”: სეფიაშვილი, გ. კილასონია (კ. ბარამიძე 72), ზ. თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, ლ. შენგელია (ამბროლაძე 59), გოგონაია (კ), ჟიშკარიანი, გიგაური, შ. ჯიქია (ქორჩილავა 30), გურეშიძე;

მთ. მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი

,,მეტალურგი”: ბედიაშვილი (კ), ნარიმანიძე, ნოზაძე, ზვიადაძე, მინდორაშვილი, რ. ბარამიძე (ჯოხაძე 66), მიქაუტაძე, ჩიკვაიძე, ბროლაძე (ციცქიშვილი 46), გუჯაბიძე (სარიშვილი 66), ბარაბაძე;

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

გოლები: 1:0 გურეშიძე (28), 2:0 გოგონაია (61), 3:0 გიგაური (63)

გაფრთხილება: მიქაუტაძე (70)

არბიტრი: ლევან კვარაცხელია

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.117443