გასულ ტურში მარტვილის “მერანთან” თამაშის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა “სიონის” მწვრთნელი ლადო ბურდული სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. “ვიტ ჯორჯიასთან” შეხვედრაში ბოლნისის “სიონის” სათადარიგო სკამის მოპირდაპირე მხარეს, იქ სადაც სტადიონის ტრიბუნებსა და სარბენ ბილიკებს შორის პატარა ღობეა, “სიონის” დასჯილი მწვრთნელი ლადო ბურდული მთელი მატჩის განმავლობაში აძლევდა მითითებებს საკუთარ ფეხბურთელებს. გარდა ამისა, მეორე ტაიმის მსვლელობისას აღნიშნულ მხარეს მოქმედ გვერდით არბიტრსა და მთავარ მსაჯ ხარიტონაშვილს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მწვრთნელს არც გულშემატკივრები “ჩამორჩნენ” და უცნაურად გამოხატული ერთსულოვნებით - მსაჯთა შეურაცხყოფით გამოხატავდნენ უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას საკუთარი გუნდის მიმართ, იშვიათად კი არღვევდნენ ტრადიციას და საკუთარი გუნდის მოთამაშეებს ამხნევებდნენ.
ზემოთქმული არ ეწინააღმდეგება ვარაუდს, რომ შესაძლოა არბიტრები გარკვეულ სიტუაციებში მართლაც შეცდნენ, მაგრამ თამაშის სურათიდან გამომდინარე, საკუთარი კარის უსაფრთხოებისა და მომენტების რეალიზების მიხედვით თენგიზ კობიაშვილის გუნდმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის საწყის წუთებში დაჩი ცნობილაძემ იაქტიურა. მან მოედნის შუაგულიდან მახვილგონივრული პასი გაუკეთა საჯარიმოს ხაზთან ახლოს მყოფ ვიეირა მედინას, თუმცა პორტუგალიელმა ბურთი ვერ დაამუშავა. უნდა ითქვას, რომ “სიონის” შავკანიანი ფორვარდი ხშირად იხევდა უკან და ბურთის მიღებას ითხოვდა ანუ ბევრს მოძრაობდა და მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში არ ელოდებოდა ბურთს.
მე-13 წუთზე “სიონის” საჯარიმოში გუნდის კაპიტანი დავით სვანიძე დაჯარიმდა და ხარიტონაშვილმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გვახარიას დარტყმული მერლანმა მოიგერია.
მარცხენა ფლანგზე “სიონის” მცველმა გურამ გიორბელიძემ იაქტიურა, მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელსაც თავი ვიეირა მედინამ დაუხვედრა, თუმცა შეროზიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
რამდენიმე წუთში “სიონი” მარჯვენა ფლანგზე გააქტიურდა, საიდანაც ლობჟანიძემ ჩააწოდა, დაჩი ცნობილაძემ თავით მეკარისაგან შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ შეროზიამ მოახერხა მოგერიება.
“ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში არაერთხელ მოიგო საჰაერო ბრძოლა ვიეირა მედინამ, მაგრამ ხან სიზუსტე აკლდებოდა, ხანაც მეკარე ზუსტად თამაშობდა.
თენგიზ კობიაშვილმა 2 იძულებითი ცვლილება გააკეთა. თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყო დაძაბულობა და ხისტი თამაში. მოედანი შეროზიამ და თათხაშვილმა დატოვეს, მათ ნაცვლად კი ისერგიშვილი და კახაბრიშვილი ჩაერთვნენ თამაშში.
მასპინძელთა მხრიდან განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დატოვა ელგუჯა ლობჯანიძემ. “ვიტ ჯორჯიას” ტანმაღალმა ცენტრფორვარდმა პრაქტიკულად ყველა ორთარძოლა მოიგო. როდესაც გუნდში ამ უნარის მქონე მოთამაშეა, ბურთის მეტოქის ნახევარზე შენარჩუნება ადვილდება.
30-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაჩი ცნობილაძემ ბურთი ცუდად მიიღო, ვერ შეინარჩუნა, რასაც ლობჯანიძის აქტიურობა მოჰყვა, რომელიც კარგად შევიდა საჯარიმოში, მერლანთან ერთ-ერთზე გავიდა, დაარტყა და გაიტანა. ამ მომენტში ძალიან კარგად გამოჩნდა მისი ფიზიკური შესაძლებლობები და ყველაფერი უნაკლოდ შეასრულა.
ტაიმის მიწურულს ცვლილებაზე გასულმა კახაბრიშვილმა ძლიერი დარტყმით ანგარიში ორამდე გაზრდა, შესვენების შემდეგ კი ბურდულმა სამი ცვლილება გააკეთა. ჭანკოტაძე-უგულავა-გაფრინდაშვილის მოედანზე შესვლით “სიონმა” შეტევაზე გააკეთა აქცენტი. ერთ ეპიზოდში ვიეირა მედინამ გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა.
მეორე ტაიმში ბურთის ფლობის ინიციატივა თითქმის სრულიად “სიონის” მხარეს იყო, მაგრამ გააზრებული შეტევები ვერ ვიხილეთ. “ვიტ ჯორჯია” თავს კარგად იცავდა, “სიონს” კი კარისკენ დარტყმას ვერ ახერხებდა, მეტოქის საჯარიმომდე ბურთს აკონტოლებდა, მოედნის ბოლოს მესამედში კი “ვიტ ჯორჯია” ძალიან მჭიდროდ მოქმედებდა.
მატჩის მიწურულს ბოლნისელთა კაპიტანმა დავით სვანიძემ ცნობილაძის პასის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მკერდით მიიღო, ძლიერად დაარტყა, მაგრამ ისერგიშვილმა ბურთი დაიჭირა.
ამის შემდეგ მატჩი მალე დასრულდა, “ვიტ ჯორჯიასა” და “სიონს” შორის სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა.
საინტერესოა, რომ “ვიტ ჯორჯიამ” ადგილობრივი შეკრება გაიარა, “სიონი” კი თურქეთში მოემზადა, მაგრამ ეს ფაქტორი დღევანდელ მატჩზე სრულიად არ ასახულა.
ვიტ ჯორჯია – სიონი 2:0 (2:0)
24 აპრილი, მცხეთა, “მცხეთა პარკი, 100 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 19), თათხაშვილი (კახაბრიშვილი 19), კალანდია, გეთიაშვილი, დანელია, დავლაშელიძე, მაისურაძე, გახარია, დემეტრაშვილი (ბუნტური 87), საბაძე, ლობჯანიძე.
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
სიონი: მერლანი, სვანიძე, მოსემღვდლიშვილი, ფოფხაძე (გაფრინდაშვილი 46), გიორბელიძე, საჯაია (ჭანკოტაძე 46), გოგობერიშვილი, ცნობილაძე, ლობჟანიძე (უგულავა 46), სიჭინავა, ლუის ალბერტო.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლები: 1:0 ლობჯანიძე (30), 2:0 კახაბრიშვილი (45+2)
მთავარი მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი)
გაფრთხილება: სვანიძე (13), გახარია (60), გიორბელიძე (60)
მე-13 წუთზე გახარიამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
მეგოლეები:
12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)
8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)
7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;